ნიკა მაჭუტაძე: აკა მორჩილაძის წინადადებებში არის რეზონი, მაგრამ აკლია მონუმენტურობა

„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ მწერალ აკა მორჩილაძის სიტყვით გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე შეაფასა.
როგორც მაჭუტაძე მიიჩნევს, მორჩილაძის გამოსვლას “მონუმენტურობა აკლია, თუმცა არის მის წინადადებებში რეზონი, რომელიც გამოდის საქართველოდან და ქართული ლიტერატურიდან”.
“აკა მორჩილაძის სიტყვა წავიკითხე. ფრანკფურტში წარმოთქმული.
არის მის წინადადებებში რეზონი, რომელიც გამოდის საქართველოდან და ქართული ლიტერატურიდან.
მაგრამ აკლია მონუმენტურობა, არამხოლოდ არტიკულაციაში, არამედ აღქმაში უპირველესად.
დამრჩა მძიმე შთაბეჭდილება, რომ ჩვენ (ან, მინიმუმ, სპიკერი) ვერ აღვიქვამთ ვერც ჩვენს ქვეყანას და ვერც ჩვენს დიდ ლიტერატურას.
ყველა ნაციონალურ მწერლობას გამოარჩევს მისი სათქმელი, ის სულისკვეთება, რომლითაც იქმნება მწერლობა თავისი დარგებით და არ მითხრათ ახლა, ეგ მოძველებულია, სინამდვილეში არანაირი ნაციონალური მწერლობა არ არსებობსო.
ჩვენი მწერლობა ჩვენი ვინაობის მთავარი კომპონენტთაგანია და მას სჭირდება არა ზედაპირული გაგება და გადაცემა, არამედ მთავარი სათქმელის გავრცელება”, – წერს მაჭუტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები