გამოფენა „გაცოცხლებული დრო“ წინანდალში გაიხსნა

0

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა გამოფენა „გაცოცხლებული დრო“ წარმოადგინეს.
გამოიფინა დიდი ალექსანდრეს შვილთაშვილის, ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძის (1870-1930), კუთვნილი ჯიბის საათი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში შემონახული მასალები, რომელიც გასაბჭოებულ საქართველოში ალექსანდრე ჭავჭავაძის, მისი ოჯახის და თანამოაზრეების ტრაგიკულ ბედს ასახავს.
ალექსანდრე ჭავჭავაძე 1930 წლის სექტემბერში დახვრიტეს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის გადატრიალებისა და ქვეყანაში მონარქიის აღდგენის მცდელობის ბრალდებით. ალექსანდრემ ჯიბის საათი პეტერბურგში, საიმპერატორო მესაათესგან, პაველ ბურესგან, სავარაუდოდ, 1893 წელს შეიძინა. საათი სახელობითია და მის სარქველზე ქართული მონოგრამა „ა ჭ“ და ჭავჭავაძეების საგვარეულო გვირგვინია დატანილი. პაველ ბურეს საათები დღეს მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია გამოფენილი. მათ რიცხვს უკვე წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც შეუერთდა.
სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი:
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ერთად მოვაწყეთ ეს გამოფენა, რომელიც ჭავჭავაძეების შთამომავლების, ერთი კონკრეტული ადამიანის და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მონაკვეთის ერთგვარი მატიანეა. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, რომ შემოგვიერთდა ამ პროექტში. ჩვენ 10 წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ექსპონატი შევმატეთ მუზეუმის ექსპოზიციას. ალექსანდრე ჭავჭავაძე უმცროსის ოჯახური რელიქვია, ეს ჯიბის საათი, რომელიც ნიუ იორკის აუქციონზე შევიძინეთ, ამიერიდან მუზეუმის საკუთრება გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი გამოფენები ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიას აცოცხლებს და საინტერესოა დამთვალიერებლისთვის“,- განაცხადა „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული ჯიბის საათი 2018 წლის იანვარში ნიუ იორკის ერთ-ერთ აუქციონზე წინანდლის მუზეუმმა „სილქ როუდ ჯგუფის“ დახმარებით შეიძინა. საათის ყოფილი მფლობელი ჭავჭაძეების გვარის შთამომავალი, ამერიკის მოქალაქე, დავით ჭავჭავაძე იყო. დავითმა ის მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, პავლე ჭავჭავაძისგან, რომელსაც ის, თავის მხრივ, მამამ, ალექსანდრე უმცროსმა, გადასცა 1918 წელს ემიგრაციაში წასვლისას. 100 წლის შემდეგ საათი ისევ საქართველოში დაბრუნდა, რათა დამთვალიერებლისთვის ალექსანდრე უმცროსის ცხოვრების შესახებ მოეთხრო.
„ამ გამოფენამ შესაძლებლობა მოგვცა უამრავი საინტერესო ფაქტი გაგვეცნო საზოგადოებისთვის. აქამდე უცნობ, საარქივო მასალაში ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია ინახება საქართველოს 20-30-იანი წლების შესახებ. სასიხარულოა, რომ მას დამთვალიერებელი სწორედ ჭავჭავაძეების საგვარეულო ნივთებთან ერთად გაეცნობა”, – აღნიშნა შშს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა.
ეს ექსპოზიცია პირველია წინანდლის მუზეუმში სამომავლოდ დაგეგმილ გამოფენათა ციკლში. მომდევნო წლების მანძილზე მუზეუმი კვლავაც წარადგენს სხვადასხვა არქივსა თუ პირად მემუარებში შემონახულ მასალებს, რომელიც წითელი ტერორის დროს რეპრესირებული ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლების შესახებ მოუთხრობს დამთვალიერებელს.

კომენტარები

კომენტარი