პარლამენტში, კანაფის რეგულაციის საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაციას, მცენარე კანაფისგან/ მარიხუანასგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, სამართლიანი და გონივრული ბალანსის უზრუნველყოფას, ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებებს შორის.
საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომის მონაწილეებს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი პრინციპები გააცნო.
„შემოთავაზებულია მცენარე კანაფის ან მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების რეგულაცია და პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის. ამ პროექტით, ასევე, შემოთავაზებულია აკრძალვა მარიხუანას მოხმარებაზე ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, წარმოდგენილია აკრძალვა, რომელიც ეხება ნარკოტიკების მოხმარებისგან მოზარდების დაცვას. კერძოდ, იკრძალება მისი მოხმარება 21 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის მიერ.
მისივე თქმით, შემოთავაზებულია პასუხისმგებლობის გამკაცრება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაციისთვის ან რეკლამირებისთვის.
„ცვლილება ეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რომელიმე პირი, მოხელე იმყოფება მარიხუანას მოხმარების ზემოქმედების ქვეშ და ეს არის ცალკე მუხლად გამოყოფილი. სისხლის სამართლის კოდექსში, ნაცვლად არასრულწლოვანისა, დასჯადი ხდება მარიხუანას მოხმარებაზე 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება. ახალი მუხლი ემატება სისხლის სამართლის კოდექსს და დასჯადი ხდება ავტომობილისა და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად:
· მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
· მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
· მცენარე კანაფის ან მარიხუანას 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
· მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
· მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო-საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 მეტრის რადიუსში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით;
· მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით;
· მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში                                                                                                მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები ამოღებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან.
პროექტით მკაცრდება ადმინისტრაციული სანქციები ისეთი სამართალდარღვევისთვის, როგორიცაა, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულის ჩადენა ფიზიკური პირის მიერ გამოიწვევს 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის მიერ გამოიწვევს 10 000 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 5000 ლარისა.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად:
· სისხლის სამართლის კოდექსი აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის;
· სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისთვის;
· რამდენიმე მუხლში ხდება დამამძიმებელი გარემოებების დაზუსტება. კერძოდ, ქმედების მთვრალ მდგომარეობაში ჩადენის ნაცვლად, ნორმის არაერთგვაროვანი განმარტების თავიდან ასაცილებლად, პროექტით პირდაპირ მიეთითება ქმედების ჩადენა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში.
კანონპროექტების წარმოდგენის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის წევრებმა, სასულიერო პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის დასკვნაში ჩანაწერის გაკეთებას იმის თაობაზე, რომ: გაგრძელდეს საკანონმდებლო მუშაობა იმ საზღვრების გაფართოების მიზნით, რაც დადგენილი იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მცენარე კანაფის/მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები შეცვალა.
აღნიშნული დათქმის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პრინციპების დონეზე, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები