„გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით”

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის, გიორგი ფარესიშვილის თქმით, ამერიკული საინვესტიციო ბანკის „გოლდმან საქსის“ აქციების შეძენა თავისუფლად შეუძლია ყველას. მისივე განმარტებით, თუ ეს უკანონობაა, მაშინ გამოდის, რომ მთელი მსოფლიო უკანონოდ ფლობს მის აქციებს.

“მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „გოლდმან საქსის“ აქციებით ვაჭრობენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და მათი შეძენა თავისუფლად შეუძლია ყველას.
„გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით. შესაბამისად, თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ეს უკანონობაა, მაშინ გამოდის, რომ მთელი მსოფლიო უკანონოდ ფლობს „გოლდმან საქსის“ აქციებს და ეს აქციები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო დაშვებული სავაჭროდ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე“, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, მას პირველად ესმის „გოლდმან საქსის“ მარიხუანას ბიზნესთან კავშირის შესახებ და ამაზე უმჯობესია თავად „გოლდმან საქსსკითხონ.

“აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და ინვესტიციები, ასევე რჩევების მიცემა კლიენტებისთვის, თუ სად, როდის და რა ფასად გამოუშვან თავიანთი ფასიანი ქაღალდები, ან რაში განათავსონ თავიანთი ინვესტიციები. ასეთი რჩევების მისაცემად, საინვესტიციო ბანკები აწარმოებენ და აქვეყნებენ ანალიტიკურ კვლევებს სხვადასხვა სექტორზე, როგორებიცაა ტელეკომის, მშენებლობის, ნავთობის, ჯანდაცვის, საბანკო-საფინანსო სექტორი და სხვა”,-აღნიშნა ფარესაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, რომელიმე კომპანიის აქციების ფლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აქციის მფლობელი მართავს ამ კომპანიას ან რაიმე ზეგავლენა აქვს მის საქმიანობაზე. იმისათვის, რომ ეს გავლენა არსებობდეს, როგორც წესი საჭიროა კომპანიაში მნიშვნელოვანი (10% და მეტი) წილის ფლობა. თუ საუბარია „გოლდმან საქსის“ 251,000 აქციის ფლობაზე, 2013 წელს ეს წარმოადგენდა „გოლდმან საქსის“ მთლიანი გამოშვებული (განთავსებული) აქციების მხოლოდ 0.06%-ს, რაც ძალიან უმნიშვნელო წილია.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის ოპონენტები გუშინ აცხადებდნენ, რომ მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია, რომელმაც ოლიგარქს მილიარდები უნდა მოუტანოს. რაც შეეხება „გოლდმან საქსის“ კავშირს ყოფილ პრემიერთან, ოპონენტების მტკიცებით 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები