კახა კალაძე: ჭაბუკიანის ქუჩის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვ. ჭაბუკიანის ქუჩა (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) გახსნა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, ხოლო მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები, ღამის საათებში განხორციელდება.
„საკმაოდ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე და ვთქვი, რომ 15 სექტემბრისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება. ჭაბუკიანის ქუჩაზე უკვე დასრულებულია სამუშაოები და გაიხსნება მოძრაობა. მეორე ეტაპი ეს არის საბოლოო სამუშაოები, მეორე და მესამე ფენების მოასფალტება და ეს ღამის საათებში განხორციელდება, რათა მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს საცობების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მოსახლეობას თანადგომისა და მოთმინებისთვის. ის, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი, ამ პროექტების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ჭაბუკიანის ქუჩის სანაცვლოდ დღეს, 22:00 საათიდან ყოფილი ბულაჩაურის, ამჟამინდელი კალანდაძის ქუჩა დაიკეტება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები