ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან

„ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან“, – ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2018-ის ფარგლებში, საქართველოს მხარემ ხელი მოაწერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმებს გერმანიასა და ხორვატიასთან. ამ დოკუმენტების თანახმად, ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ, ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიისა და ხორვატიის ან ამ ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
მემორანდუმს გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა, რეინჰარდ კლინგენმა. როგორც მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, ეს საქმიანობა თავისთავად მოიცავს სხვა დარგებსაც, მათ შორის – წვრთნა, სწავლება, მომზადება და ა.შ.
„ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის სწავლებასა და მომზადებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი სამომავლოდ მოიტანს იმ შედეგს, რომლითაც საქართველო თავისი პირადი შემადგენლობით, მეზღვაურებითა და საზღვაო სფეროში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო სტანდარტებზე და ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნა გერმანიის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები