დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველო – ღვინის ქვეყანა, შეიძლება გადაიქცეს მცირე და დიდი ნარკობარონების ქვეყნად

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ექსპორტირების მიზნით ქვეყანაში კანაფის მოყვანა-წარმოება უდიდეს რისკებს შეიცავს.
“მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი, კულტურული პრობლემა დგება ქართული რეალობის წინაშე, რადგან საქართველო, ოდითგანვე ღვინის ქვეყანა, შეიძლება გადაიქცეს მცირე და დიდი ნარკობარონების ქვეყანად” – განაცხადა დეკანოზმა “TV-პირველის” პირდაპირ ეთერში.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ყოველგვარი კულტივაციის დაშვება ჩვენი ქვეყნისათვის უდიდეს რისკებს შეიცავს. მისი თქმით, ამაზე უცხო ქვეყნების სტატისტიკაც მოწმობს.
“ყოველგვარი კულტივაციის დაშვება ჩვენი ქვეყნისათვის უდიდეს რისკებს შეიცავს. როდესაც სხვა ქვეყნების სტატისტიკა მოგვყავს, ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო დანიშნულების მიზნით მოხდა მარიხუანას კულტივაცია იქვე გამრავლდა არალეგალური წარმოება და ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობამ მოიმატა”, -განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
​კითხვაზე – თუ როგორია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საქართველოს პატრიარქის პოზიცია, დეკანოზმა შემდეგნაირად უპასუხა.
“პატრიარქს არაერთხელ უსაუბრია ნარკოტიკების საშიშროებაზე, პატრიარქი დღევანდელ კონფერენციაზე არ ყოფილა, მისი სიტყვა არ მოგვისმენია, თუმცა არაერთხელ უსაუბრია და გაიხსენეთ რამდენიმე კვირის წინ მისი ქადაგების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები