დავით ჭიჭინაძე: ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა, როდესაც მარიხუანას ლობიოს შეადარებ

ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა, როდესაც მარიხუანას ლობიოს შეადარებ და შავი ბაზრის ალტერნატივად წარმოაჩენ – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ის რამდენიმე დეპუტატს ატყობს, რომ საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხის მხარის დაჭერა შინაგანად უჭირს.
„როდემდე უნდა „აპრავონ“ ეს სიცრუე, ის, რაც საზოგადოების დაკვეთა არ არის. ვერ ვხედავ, რომ დღეს ქვეყანაში მარიხუანის ლეგალური წარმოებისა და მისი ექსპორტის შესახებ საზოგადოების დაკვეთა იყოს. როცა პოლიტიკური ძალა იქცევა ისე, როგორი დაკვეთაც საზოგადოების მხრიდან არ არის, ვფიქრობ, მისი გზა მარგინალიზაციისკენ მიდის. ეს ადამიანები, „ქართული ოცნების“ ე.წ. სახეები, ვფიქრობ, ცინიზმით არიან დაკავებულები, თურმე ეს არის ქვეყნის ახალი გზა. ბევრი დეპუტატი, რომელსაც მე შედარებით კარგად ვიცნობდი და ვთვლიდი, რომ მეტ-ნაკლებად რაღაც დადებითი როლი შეეძლოთ, შეესრულებინათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, სამწუხაროდ, ვერ უძლებენ წნეხს, რომელიც მათზეა. ძალიან ბევრ ადამიანს ვატყობ, რომ შინაგანად უჭირს ამ კანონის მხარის დაჭერა“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს და კონკურსის პირობებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ძალიან რთულია.“
„ახლა უკვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?! ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს“, – განაცხადა მაღრაძემ.
“ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ სამედიცინო მიზნით ექსპორტისათვის კანაფის წარმოების შესაძლო დაშვება შავი ბაზრის ალტერნატივად შეაფასა.
„რაც შეეხება ზეთის წარმოებას და მის გაყიდვას, ეს ეხება ალტერნატივის შექმნას შავი ბაზრისათვის. ეს არის თემა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები