პარლამენტი სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებაზე კანონპროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვას იწყებს, რომლის თანახმადაც, სტუდენტები, საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ.
ამ საკითხზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ხვალ იმსჯელებს, რომლის შემდგომაც, საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეგზავნება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება, რის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდეს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები, მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.
ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადების შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კანონპროექტის სამიზნე ჯგუფს და მათ სოციალურ მდგომარეობას. ორგანიზაციის შეფასებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსთა სამინსიტროს ინიციატივით ბიზნესსუბიექტებს ნახევარ მილიონზე უწესდებათ სპეციალური რეჟიმი და თითქმის თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან, პრობლემა არ უნდა იყოს წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილების ამოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ წინადადებაში გაზიარებულია საერთაშორისო პრაქტიკა და დადგენილია იმ რისკების აღკვეთის საშუალებები, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს საშემოსავლო გადასახადის სპეციალური რეჟიმის გავრცელებით, საქართველოს პარლამენტს არანაირი საფუძველი არ გააჩნია უარი თქვას წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღებაზე.
ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობის პროცესში ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე სტუდენტთა მიმართ ფინანსური შეღავათების გავრცელების კუთხით.
„ორგანიზაციამ 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რეკომენდაციისა და შემდგომი შეფასებისთვის მიმართა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო უწყებებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედებს სპეციალური დაბეგვრის სისტემა, რომლის მიხედვითაც შემოსავლის დაბეგვრა იწყება იმ შემთხვევაში, თუ პირის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 8 820 ევროს, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაქმებულ სტუდენტთა უდიდესი ნაწილი ხვდება აღნიშნულ კატეგორიაში.
გარდა ამისა, გერმანიაში სტუდენტთა მიმართ მოქმედებს შეღავათიანი დაბეგვრის სისტემა, განათლების უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, სტუდენტთა შემოსავლებიდან არ იბეგრება ის თანხები, რომლებიც მიმართულია განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზებისკენ. რაც შეეხება, დიდი ბრიტანეთის საკითხს, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს შეღავათიანი ფინანსური პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტთა შემოსავლები იბეგრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 958 ევროზე მეტია. ამასთან, ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო უწყება იწონებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას და გამოთქვამს მზაობას, დასახელებული მიმართულებით პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობაზე“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის მხრიდან საკანონმდებლო წინადადების შემუშავებაში ორგანიზაციის სამართლის ჯგუფიც მონაწილეობდა. აღნიშნული პროექტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეხუთე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები