ბათუმის ბულვარს ახალი დირექტორი ჰყავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ჯინჭარაძე წარადგინა.
“დღეს წარვადგინეთ ბულვარის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ამ დრომდე მოადგილედ მუშაობდა ამავე უწყებაში. ირაკლი არის გამოცდილი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის წარმატებით განახორციელებს იმ ამოცანებს, რომლებიც ბულვარის წინაშე დგას. ბულვარი არის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. მნიშვნელოვანია, რომ ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს მის განვითარებას. ჩვენი მიდგომა, პოლიტიკა იქნება სამართლიანი, როგორც კერძო სექტორთან, ისე ქალაქთან და ბულვართან მიმართებაში. ყველა ის პროექტი, ახალი ინიციატივა დაეფუძნება ამ პრინციპს და ამ პრინციპის დაცვის გათვალისწინებით, საზოგადოების ინტერესებს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის ბულვარის ახალი მმართველისთვის პრიორიტეტებია ძველი ბულვარის კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნება/კონსერვაცია, ახალი ბულვარის განვითარება და მისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, უცხოურ პარკებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით.
ირაკლი ჯინჭარაძე 2017 წლიდან დღემდე, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აქვს საჯარო სამსახურებსა და კერძო კომპანიებში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება. ბოლო წლებში, მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ფლობს რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები