„ეს უსაფრთხოების საკითხია და გაგებით უნდა მოვეკიდოთ“ – რას აცხადებს კანონპროექტის ავტორი ჩადრის აკრძალვაზე

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენას კრძალავს. კანონპროექტის ავტორია “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის“ ხელმძღვანელი, ზვიად ტომარაძე. დოკუმენტი პარლამენტში დეპუტატმა ემზარ კვიციანმა შეიტანა.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ტომარაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, დოკუმენტში საუბარი არ არის ჰიჯაბზე. მისივე თქმით, ინიციატივა ტერორიზმის საფრთხეს უკავშირდება.
„ჰიჯაბი ჩვეულებრივი გრძელი თავსაფარია, ჩემ მიერ დაწერილ კანონპროექტში ჰიჯაბის აკრძალვა არ იგულისხმება. კანონპროექტით რაზე არის საუბარი, ესა ნიქაბი, ბურკა და ჩადრი, ანუ ის სამოსი, რომელიც არ იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას. არის გარკვეული საფრთხეები ტერორიზმის კუთხით, სწორედ ამის გამო არის, რომ ევროპის ქვეყნებში, ისეთებში, როგორიცაა ავსტრია, ჰოლანდია, ბულგარეთი, ლატვია აკრძალულია ასეთი სამოსით სიარული.
ჩემ მიერ დაწერილი კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება ჩადრით, ბიქაბით და ბურკით სიარული, ეს ცვლილებები ადმინისტაციული სამართალდარღვევების კოდექსის 169-ე პრიმა მუხლში უნდა შევიდეს, რაც ითვალისწინებს პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმებას, განმეორებით შემთხვევაში კი 1500 ლარით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კავშირში რელიგიასთან. მე ყველა რელიგიას პატივს ვცემ. ეს არის უსაფრთხოების საკითხი და ამას ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა ტომარაძემ.
კითხვაზე, რატომ არის ჩადრი საფრთხის შემცველი, როცა სახის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ტომარაძემ განაცხადა, რომ „ჩადრი ისეთი სამოსია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ყოფილა ტერორიზმისთვის სასათბურე ნიადაგი“.
„ეს არის კანონპროექტი, რომელმაც უნდა გაიაროს საკომიტეტო მოსმენები, 3 განხილვა და ალბათ, ჩაერთვებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, დაინტერესებული პირები. შეიძლება, ჩადრი ამოღებული იქნას და დარჩეს ნიქაბი და ბურკა. წარმოდგენილი ვარიანტი არ ნიშნავს, რომ ასე იქნება მიღებული“, – განმარტა ტომარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატმა პირად საუბარში კანონპროექტი მოიწონა.
„ დაუჭერენ, თუ არა მხარს ამ ინიციატივას, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატს ვესაუბრე და მათ გარკვეული სიმპათიები გააჩნიათ ამ კანონპროექტთან მიმართებაში, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები და რა პოზიციას დაიჭერს მმართველი გუნდი, ან ოპოზიცია.
მე დაახლოებით 30-ზე მეტი კანონპროექტის ავტორი ვარ. ყოველთვის, ჩემი დამკვეთი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილი. იმ საკითხებზე, იმ საწუხარზე, რაც მათ გააჩნიათ, მე ვწერდი კანონპროექტს და ამ შემთხვევაშიც, ეს კანონპროექტი გადავეცი ემზარ კვიციანს, რადგან „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობა უარს ამბობს ხოლმე გარედან, საზოგადოების ნაწილიდან, მე ვიქნები თუ სხვა, კანონპროექტის ინიცირებაზე. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მთანხმდება ყოველთვის და გააქვს კანონპროექტი, ესაა ემზარ კვიციანი”, – განაცხადა ტომარაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ტურიზმზე ნეგატიურად არ აისახება.
„ეს საკითხიც გავიარე. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ერაყი – ამ ქვეყნების ტურისტები არიან ძირითადად, ჩვენს ქვეყანაში ამ სამოსით. არ მგონია, ამან დიდი გავლენა იქონიოს ტურიზმზე, რადგან მათი წილი არცთუ ისე დიდია საერთო ტურისტების რაოდენობაში. რეალური საფრთხე არ დაემუქრება ტურიზმს“, – განაცხადა ტომარაძემ.
საკანონმდებლო ინიციატივით, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.
„გავეცანი იმ ევროპულ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც აკრძალულია ამ სამოსით სიარული და ამ ქვეყნების უმრავლესობაში ეს არ ეხება დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებს. მიმაჩნია, რომ სწორია. იმიტომ, რომ დიპლომატები ისედაც სარგებლობენ გარკვეული უფლებებით. ეს, სავარაუდოდ, შეეხება 10-12 ადამიანს. ეს არ შექმნის საფრთხეს, ისინი იქნებიან შემოწმებული და შემოშვებული ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები