ვასო ურუშაძე მართვის მოწმობის ეკომართვის ტესტებზე: მცირედი, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია

“მართვის მოწმობის მისაღები, თეორიული გამოცდის ტესტებში სატრანსპორტო საშუალების ეკომართვის ტესტების დამატება მისასალმებელი ინიციატივაა”, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ურუშაძემ აღნიშნა, ეკომართვის ტესტების დამატება არის ძალიან მცირედი, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯი.
„ზოგადად, ყველა ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა ავტომობილის ეკოლოგიურად მართვის სტილს და ამის შესახებ სკოლებშიც კი ასწავლიან. ავტომობილის მართვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი მძღოლების გადამზადების სხვადასხვა პროგრამაშიც არის ჩადებული. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკოლოგიაზე, ეს დამოკიდებულია ეკონომიკაზე. ავტომობილის ეკოლოგიურად მართვა ნიშნავს ეკონომიურად მართვას. ამით დაინტერესებულია ყველა ის კომპანია, რომელსაც ძალიან დიდი ავტოპარკი აქვს. ეს არის სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანია, ავტო თუ მოტოპარკები, რომლებსაც საწვავის დიდი ხარჯები აქვთ და მათთვის ძალიან ხშირად საინტერესოა მძღოლების ისეთი გადამზადება ამ პროცესში, რომ ერთის მხრივ, ხელი შეუწყონ ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას და მეორეს მხრივ, მიიღონ ეკომონიური ეფექტი და გააკეთონ ეკონომია ხარჯებზე. ჩვენც პატარა ნაბიჯებით, ამ მიმართულებით, წინ მივდივართ და თუნდაც ის, რომ მართვის მოწმობის საგამოცდო ნაწილში იქნება ეს ტესტები დამატებული, არის ძალიან მცირედი, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯი“- განაცხადა ურუშაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მართვის მოწმობების სფეროში რეფორმაა გასატარებელი.
„პირველი რაც შესაცვლელია – ეს არის საგანმანათლებლო სისტემა. განათლების სისტემა საგზაო მოძრაობის კომპონენტში, რასაც ჰქვია მართვის მოწმობების სტანდარტი არ გაგვაჩნია. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ მართვის მოწმობებს განათლების გარეშე ვიღებთ. რეალური სისტემა, რომელიც მოქალაქეს ავტომობილის მართვის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ განათლებას მიაწვდის, ქვეყანაში არ არსებობს. რაც არსებობს მინიმალური სტანდარტია. აქ პრობლემა არ არის საგამოცდო სისტემაში, ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ შესაძლებელია, განათლების მიღების გარეშე, მიიღო რაიმე კვალიფიკაცია. დღეს ეს სისტემა იძლევა იმის საშაულებას, რომ განათლების გარეშე გავხდეთ მძღოლები, რაც შესაცვლელია“, – განაცხადა ურუშაძემ.
ცნობისთვის, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკომართვის 51 ტესტი დაემატა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ეკომართვის საგამ​ოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ახალი ტესტები სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა“, – აცხადებენ შსს-ში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები