ვასო ურუშაძე: საცობების კუთხით, თბილისში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება

„თბილისის მერიის მიდგომა დედაქალაქში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით არაპროფესიონალური და დილეტანტურია“​, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ქალაქში რაც ხდება და რა პრობლემებიცაა, ეს არის თბილისის მერიის უპასუხისმგებლო საქმიანობის შედეგი. ეს არ ეხება მხოლოდ ამ ხელისუფლებას, ანალოგიური იყო წინა ხელისუფლების დროსაც. რატომღაც, არსებობს ასეთი ტენდენცია, რაც არაპროფესიონალიზმით არის განპირობებული, რომ ყველა სარემონტო-სარეაბილიტაციო თუ სხვა ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები უნდა ტარდებოდეს ივლისის ან აგვისტოს თვეში, იმ მოსაზრებით, რომ, თითქოს, ამ დროს ქალაქი უფრო თავისუფალია და შეიძლება ყველა უბანში ვაწარმოოთ სამუშაოები. ეს არის არასწორი დამოკიდებულება და არასწორი პოლიტიკა“, – განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოები მინიმუმ 1 წლით ადრე უნდა იგეგმებოდეს, უნდა იყოს კონკრეტულ ვადებში გაწერილი და მთელ წელზე გადანაწილებული.
„უნდა იყოს მიდგომა, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, ამას უწოდებენ „ჭადრაკულ პრინციპს“ ანუ არ შეიძლება ერთსა და იმავე უბანში, რაიონში პარალელური ქუჩები ერთდროულად იყოს გასული სარემონტო სამუშაოებზე. როცა სარემონტო სამუშაოებს ვიწყებთ და ვიცით, რომ გარკვეული ქუჩები იქნება ხელმიუწვდომელი გადაადგილებისთვის, ჩვენ, მინიმუმ, პროგნოზირება უნდა შეგვეძლოს, რა შედეგს გვაძლევს ეს, რამდენად ამცირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გამტარუნარიანობას, ხომ არ შექმნის ეს კოლაფსს. არანაირი გათვლები, გაანგარიშებები არ არის“, – განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქში საცობების კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება.
„მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. დღეს, დილიდან ქალაქში გავლა,ფაქტობრივად, შეუძლებელია, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ზოგადად ქალაქის ფუნქიონირებას, ადამიანების საქმიანობას, ასევე მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. უკვე დიდი პრობლემაა სამაშველო სამსახურებისა და სამედიცინო – სასწრაფო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების დროული გადაადგილება. ეს არის განპირობებული იმით, რომ მიდგომა არის არაპროფესიონალური, დილეტანტური. ქალაქს არ გააჩნია სწორი, გაწერილი პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება შესაბამის მეცნიერებას, გაანგარიშებას. ყველა ხელისუფლება ასე ქაოსურად, თავისი ფანტაზიით გეგმავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძალიან რთულია ვისაუბროთ იმაზე, როდის მორჩება ეს სამუშაოები, ამის გათვლა უნდა მომხდარიყო მანამ, სანამ დაიწყებოდა“, – განაცხადა ურუშაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, საბურთალოს რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე, ჟიული შარტავას ქუჩასა და მერაბ კოსტავას ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, შარტავასა და კოსტავას ქუჩების პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მოეწყობა ველობილიკი, რომელიც პეკინის ქუჩას დაუკავშირდება და ერთი დიდი წრე შეიკვრება.
კახა კალაძის განცხადებით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ნაწილი 15 სექტემბრისთვის დასრულდება, რათა ავტომანქანების გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.
„მეორე ეტაპი, ეს იქნება უკვე ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, გარე განათებები და ა.შ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალურ ქუჩებზე, რომლებიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 15 სექტემბრისთვის ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მაგალითად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთი მიმართულება უკვე დასრულებულია და მეორე მიმართულების მოასფალტება უახლოეს მომავალში დაიწყება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები