„არემჯის“ სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის რაიონში 15-მა სტუდენტმა ერთთვიანი პრაქტიკა გაიარა

7 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 15-მა სტუდენტმა „არემჯის“ კუთვნილ საწარმოებში ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარა. პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართული სტუდენტების უმრავლესობა დმანისისა და ბოლნისის რაიონის მაცხოვრებლები არიან. სტუდენტების განაწილება სამუშაო უბნებზე მათ მიერ უნივერსიტეტში წინასწარ შერჩეული პროგრამების გათვალისწინებით მოხდა.
მომავალი სამთოელები და გეოლოგები სამ ძირითად ლოკაციაზე იყვნენ გადანაწილებულნი. პრაქტიკული სწავლება კარიერზე, სამთო მოპოვების უბანზე, გეოლოგიურ ბაზასა და სპილენძის გამამდიდრებლ ფაბრიკაში მიმდინარეობდა. სტუდენტები ასევე გაეცნენ სამთო ტექნოლოგიის სრულ ციკლსა და შრომის უსაფრთხოების წესებს. პრაქტიკის დასასრულს, საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუდენტებმა ერთმანეთს პრაქტიკის შედეგად მიღებული ცოდნა გაუზიარეს. ასევე, ერთობლივად მოინახულეს ყველა ის უბანი, სადაც თითოეულმა მათგანმა 5-კვირიანი სამუშაო გამოცდილება მიიღო. საზაფხულო პრაქტიკის დასარულს, სტუდენტებს სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატები არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუითიძემ გადასცა.
გასულ წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „არემჯის“ შორის გაფორმებული მემორანდუმი წარმატებული სტუდენტების საწარმოო პრაქტიკებში მონაწილეობას და მათთვის „არემჯის“ სტიპენდიის დაწესებას ითვალისწინებს. “ახალგაზრდა პრაქტიკანტების სახით, ჩვენ შევიძინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სტუდენტების ნაწილი აუცილებლად დაბრუნდება ჩვენთან, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები და დასაქმდებიან შესაბამის პოზიციებზე.
პრაქტიკის პროგრამის დასრულების შემდგომი ეტაპი არის „არემჯის“ სტიპენდიის პროგრამა. წლის ბოლოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ღია კონკურსი, რომელზეც წარმატებულ სტუდენტებს შორის „​არემჯის“ სტიპენდიანტები გამოვლინდებიან“ – განაცხადა „არემჯის“ ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები