„დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული გულშემატკივარი გაითვალისწინებს თავის პასუხისმგებლობას“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველო-ლატვიის თამაშთან დაკავშირებით გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ სიმშვიდე დაიცვან.
ლევან კობიაშვილის განმარტებით, მატჩს აკვირდება UEFA-ს დელეგატი, რომელსაც თამაშის შეწყვეტა შეუძლია.
„ეს არის ოფიციალური მატჩი და თავისთავად ამ თამაშს ჰყავს თავისი დელეგატი და ზუსტად აქედან გამომდინარე ვსაუბრობ. ნებისმიერი რაღაც არასპორტული საქციელი, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის ნეგატივი გამოიწვიოს შეიძლება, ძალიან მკაცრად იქნას შეფასებული. ამას წყვეტს უშუალოდ დელეგატი. თუ რაიმე სახის ქმედება ხდება ტრიბუნაზე შეუძლია ასევე თამაშის ჩაშლა. თამაშის შეწყვეტა რომელსაც ვიტყოდი, რომ იქნება კატასტროფა ჩვენთვის. ჩვენ ეს არ გვჭირდება და მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეული გულშემატკივარი გაითვალისწინებს თავის პასუხისმგებლობას და პირველ რიგში მოვა იქ იმიტომ, რომ ჩვენ ნაკრებს დაუდგეს გვერდში და ვიზეიმოთ გამარჯვება,“-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა.
უწყება მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა.
ცნობისთვის, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული მარში“ “დინამო არენასთან” დაგეგმილ აქციას აუქმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები