შტორმმა მეთევზეთა ნავსმისადგომში გაჩერებული გემი დააზიანა

ბათუმში, მეთევზეთა ნავსმისადგომში გაჩერებულ გემს შტორმმა პრობლემები შეუქმნა. “ალიხან კაპტანს” 6 ბაგირიდან 4 გაუწყდა.

ეკიპაჟის წევრების განცხადებით, შტორმა გემის უკანა ნაწილიც დააზიანა. მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს. გემი ბუქსირით ბათუმის პორტში უნდა გადაიყვანონ.

“გემი ავარიულ მდგომარეობაშია. არ გააჩნია საწვავი და გენერატორი . გადაადგილება არ შეუძლია. გემს ორი ბაგირი ამაგრებს და აუცილებელია მისი უსაფრთხო ადგილას გაყვანა,”- განაცხადა ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა.

გემზე 9 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

შავი ზღვის სანაპიროზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.

16:30 საათის მონაცემებით, მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 17 მოქალაქე გადაარჩინეს.

ცნობისთვის, გემი 8 თვეა პორტშია გაჩერებული. მისი თურქი მეპატრონე ეკიპაჟის წევრებს ხელფასებს არ უხდის. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები