ვაზიანში, ავარიის შედეგად მე-12 ბატალიონის ჯარისკაცი დაიღუპა

პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი ავარიას ემსხვერპლა. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები სასროლეთის ტერიტორიას ტოვებდნენ.
უწყების ცნობით, ავტომანქანა მიწაყრილიან გზაზე გადაბრუნდა, რის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ჯარისკაცი.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი კლასის რიგითის ვაჟა ლევანის ძე შათირიშვილის გარდაცვალების გამო.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.
სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები