„ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ღირსეული ნაბიჯი“ – ზაალ ანჯაფარიძე სირიასთან დაკავშირებით აშშ-ს გადაწყვეტილებას აფასებს

“ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ნამდვილად ღირსეული, გაბედული და სერიოზული ნაბიჯი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის მიერ სირიის შეყვანას იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ზაალ ანჯაფარიძემ განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოსთვის არაღიარების პოლიტიკის კუთხით, ძალიან სერიოზული ხელშეწყობაა.
„ესაა არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როდესაც იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ სეპარატისტულ რესპუბლიკებს, ერთგვარი სასჯელი დაედებათ იმის გამო, რომ ისინი მიდიან საერთაშორისო თანამეგობრობის ნების წინააღმდეგ ამ საკითხში. ეს არის ერთგვარი გაფრთხილებაც კი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეიძლება, გადაწყვეტილი აქვთ ან განხილვის პროცესში აქვთ ამ სეპარატისტული რეგიონების აღიარება. ჩვენთვის ეს არის ძალიან სერიოზული ხელშეწყობა, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, იმიტომ, რომ თუ ეს ბერკეტიც შეგვისუსტდა, რა თქმა უნდა, ეს შეგვიმცირებს ამ ტერიტორიების საქართველოში რეინტეგრაციის შანსებს.
ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ნამდვილად ღირსეული, გაბედული და სერიოზული ნაბიჯი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ამის იქით, აშშ და ჩვენი სხვა პარტნიორები ვერ წავლენ, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბერკეტი არის გამოყენებული ამ ქვეყნების საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიაც შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც აღიარებენ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, რაც თავის მხრივ, სირიის ხელისუფლების მიმართ ფინანსური შეზღუდვების ამოქმედებას გულისხმობს. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მსგავსი შეზღუდვები მიმდინარე წელს ნაურუს, ხოლო 2017 წელს ვენესუელასა და ნიკარაგუას მიმართ დაწესდა.
2017 და 2018 ფისკალური წლების აშშ-ის ასიგნებების აქტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერის შესაბამისად, აშშ-ს ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. ხსენებული აქტებით, გამოყოფილი ნებისმიერი სახის დაფინანსება არ შეიძლება იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
„მსგავსი ჩანაწერების გაკეთება აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში და მისი პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ეს არის მკაფიო გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური ნორმის დაცვა, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არის ხელშეუხებელი და მას პატივი უნდა სცეს ყველამ”, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები