საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც თურქეთში მოტყუებით ამუშავებდნენ, დაბრუნდნენ – რას აცხადებს კონსული

საქართველოს 17 მოქალაქე, რომელებიც თურქეთში დამსაქმებელმა თხილის პლანტაციებში მოტყუებით ამუშავა, შემდეგ კი გასამრჯელო არ გადაუხადა, უკვე საქართველოში იმყოფება. როგორც „კვირას“ ტრაპზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ავთანდილ მიქაცაძემ განუცხადა, მათ სამშობლოში დასაბრუნებლად, თურქეთის შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა, საკონსულოს დახმარებით, გამოუყო ავტობუსი, ასევე საკონსულოს დახმარებით, საქართველოს მოქალაქეებს სარფში საკვებით გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც 16 მათგანი სამტრედიაში, ხოლო ერთი თბილისში გაამგზავრეს.
ავთანდილ მიქაცაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი კვლავ იგნორირებას უკეთებს საკონსულოს თხოვნებს და დასაქმებულნი არიან კონტრაქტის გარეშე, რაც ხელს უშლის გენერალურ საკონსულოს, იმოქმედოს სამართლებრივი გზებით.
„თურქეთის რესპუბლიკას აქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის სეზონური დასაქმების პროგრამა, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, დროებით სამუშაოებზე დასაქმდნენ თურქეთში. ეს კარგი შესაძლებლობაა ბევრი ოჯახისთვის და დიდი მადლობა თურქეთის მხარეს ამ დახმარებისთვის. არსებული ინფორმაციით, ამ კონკრეტულ შემთხვევისას, ადგილი ჰქონდა არაკანონიერი გზით დასაქმებას. საქართველოს მოქალაქეები კონტრაქტის გარეშე იმყოფებოდნენ სამუშაოზე. პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე, 02/09/18-დან, საკონსულო ჩაერთო საქმეში, შესაბამისი კომუნიკაცია აწარმოა თურქულ მხარესთან, დამქირავებელ კომპანიასთან, გუბერნიასთან და საკითხი მოგვარებულია.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჩვენ მიერ გამართული ფართო განმარტებითი კამპანიისა, მასმედიის საშუალებებით, საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი კვლავ იგნორირებას უკეთებს ჩვენს თხოვნებს და დასაქმებულნი არიან კონტრაქტის გარეშე, რაც ხელს უშლის გენერალურ საკონსულოს, იმოქმედოს სამართლებრივი გზებით, ჩვენი მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის კუთხით. ამასთანავე, ერთ ფურცელზე, ორგვერდიანი ტიპიური ორენოვანი კონტრაქტის ნიმუში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სარფის ქართულ მხარეს ან ამობეჭდოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური ვებგვერდიდან. საქართველოს 17 მოქალაქეს, ჩვენი სახელით, დახვდნენ სარფში, ასაუზმეს და გაამგზავრეს სამტრედიაში, ხოლო ერთი – თბილისში“, -განუცხადა „კვირას“ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ავთანდილ მიქაცაძემ.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, თურქმა სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
“ამ ეტაპზე, უმთავრესია, პლანტაციების მეპატრონე ვაიძულოთ, მის მიერ დასაქმებულებს კუთვნილი ანაზღაურება გადაუხადოს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეპატრონე დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ცნობა ჯერ არ გვაქვს, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებს ავთანდილ მიქაცაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 მოქალაქე თურქეთში, დაახლოებით ერთი თვის წინ წავიდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი, ამ დრომდე, ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები