„ტელევიზიაში, რომლის რეიტინგიც დასულია ისტორიულ მინიმუმამდე, უნდა გადაიხედოს, რა ტიპის ფუნქციონირება მიმდინარეობს“

“ვფიქრობ, რომ ტელევიზიაში, რომლის რეიტინგიც დასულია ისტორიულ მინიმუმამდე, ზოგადად, უნდა გადაიხედოს, რა ტიპის ფუნქციონირება მიმდინარეობს. როდესაც 53 მილიონი გაქვს და კიდევ 43 მილიონს ითხოვ სესხის სახით და რეიტინგი გაქვს იმაზე ნაკლები, ვიდრე ოდესმე გქონია, აქ ნამდვილად სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კუპრაშვილი ბოლო პერიოდში “საზოგადოებრივ მაუწყებელში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაუწყებელში არაგეგმური აუდიტის ჩატარება საჭიროა.
„არაგეგმიური აუდიტი, ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა ‘საზოგადოებრივ მაუწყებელში”, არა მხოლოდ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, აქ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. ამიტომ, ძალიან სწორი მოთხოვნაა, როცა ვითხოვთ არაგეგმიურ აუდიტს, რომელსაც შეუძლია, უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც ლეგიტიმურად ისმის საზოგადოებაში. როგორი პასუხიც არ უნდა იყოს კითხვებზე, ეს პასუხი ვერაფრით ამართლებს მენეჯმენტს. ან მან დააგვიანა ოპტიმიზაცია, თუ წელიწადი და 8 თვე მასთან იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც სამსახურში არ დადიოდნენ და ამის გასარკვევად რაღაცა „ტურნიკები“ დასჭირდა, რომლისთვისაც 60 000 დახარჯა, რომ იქ განეთავსებინა და ამით დაეთვალა, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტმა და თავის დროზე არ იქონია რეაგირება.
ვერ დასტურდება, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ საქმეში ჩართულნი, უფრო პირიქით, მათი დიდი ნაწილი, ვისთანაც ჩვენც გვქონდა საუბარი და განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“, ამ ადამიანების გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეს ადამიანები აქტიურად მუშაობდნენ, ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ზოგადად, რა ტიპის ტენდენციები გაქვს “საზოგადოებრივ მაუწყებელში”? მედიამ მეორე კვარტალურ ანგარიშს რომ გადახედოს, რამდენიმე საქმეს ნახავს. ფაქტობრივად, ერთი საქმეა, რომელიც მოიგო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, დანარჩენი ყველა საქმე მაუწყებელმა შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში წააგო.
მარტო ბოლო ორ კვარტალში, მოცემული ანგარიშის თანახმად, 200 000-ზე მეტი სახდელი დაეკისრა “საზოგადოებრივ მაუწყებელს”. ეს არის სწორედ არამიზნობრივი ხარჯები, რადგან მოქმედი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ისევ ჩვენს ხარჯზე, ბიუჯეტის ხარჯზე, გვიწევს დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციის გადახდა. სასამართლომ არაერთ ინსტანციაში დაადასტურა დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციების გადახდა“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტი რამდენიმე ათეულ თანამშრომელს ანაზღაურების ახალ, საათობრივ პირობებს სთავაზობს. არხის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მენეჯმენტს მათი გათავისუფლება აქვს გადაწყვეტილი. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პროფკავშირი მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაგეგმურ შესვლას ითხოვს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები