ფოთში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

ფოთში, ნაბადის უბანში, გამთენიისას მომხდარ ძლიერ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა.
დაშავებულები სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული და ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. 29 წლის პაციენტი კი ტრავმული შოკით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. კიდევ ერთი პაციენტი უკვე ბინაზეა გაწერილი.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, ხელყუმბარა შემთხვევით აუფეთქდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები