ვასილ მაღლაფერიძე: სულ მალე, პირველი არხი ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის, ამაში ყველა დარწმუნდება

პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის პროფკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას, განაცხადა, რომ შესაძლოა ქცევის ნორმებისა და ზრდილობის საკითხებიც დადგეს. მისივე თქმით, გარკვეული საკითხების გადაწყვეტა ზედმეტი ხმაურით არ წყდება.
„ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა მათ გაახსენდათ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლები არიან და შეხვედრა უნდათ. რასაკვირველია, შევხვდით და ეს საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ბოლოს, ტელეკამერების წყურვილმა ისე გადასძლია, რომ სპექტაკლი მოაწყვეს. შეიძლება, ქცევის ნორმებისა და ზრდილობის საკითხებიც დადგეს, მაგრამ კოკიდან ის გადმოედინება, რაც მასში ასხია.
ამ პროცესის არსი არის ის, რომ ადამიანების ანაზღაურება მოხდეს შესრულებული სამუშაოს ოდენობის მიხედვით. ეს პროცესი არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემის გამო და უნდა გადაიჭრას. ამავე დროს, ყველას ვურჩევდი, რომ ზოგადი, ხმამაღალი სიტყვების ნაცვლად, პირადი განაწყენებაც გვერდზე გადადოს, მაქსიმალურად კონსტრუქციულად იმუშაოს. ზედმეტი ხმაურით, პრესკონფერენციებით ასეთი საკითხები არ წყდება, მით უმეტეს, ამის უკან შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული პირადი ინტერესები. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. ის დრო, როცა ამ ტელევიზიაში ხელფასს ტყუილად იღებდნენ, ხმამაღალი სიტყვის გამო, აღარ იქნება. ამის გამო განაწყენებულ ადამიანებს განსაკუთრებულ ფერებას ვერ დავუწყებთ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად რბილად ვცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას. ტელევიზია განუწყვეტლივ ზრდის კონტენტს, მაქსიმალურად ვითარდება. გამოვდივართ წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან. სულ მალე, პირველი არხი ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის, ამაში ყველა დარწმუნდება“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.
მისივე შეფასებით, იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ლიდერობას იჩემებენ, ტელეკამერების წინ თავმოწონებას ჰგავს.
„ეჭვი მეპარება, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ლიდერობას იჩემებენ ან არიან ლიდერები, რამე საკითხის გადასაწყვეტად იყვნენ მომზადებული. მათი საქციელი უფრო ტელეკამერების წინ თავმოწონებას ჰგავს. ტელეკამერების წინ სპექტაკლების მოწყობით, საქმე არ კეთდება. გუშინ გაახსენდათ პრობლემა და დღეს სცადეს ტელეკამერების წინ საკითხის გადაწყვეტა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან იაფფასიანი ხერხია, თუმცა ჩვენ მათ ყოველთვის შევხვდებით. არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს პრობლემის გადაჭრის რამე განსაკუთრებული სათქმელი ან განსაკუთრებული სურვილი აქვთ. პირდაპირ მინდა ვთქვა – ფერებას ვერ დავუწყებთ, თავის პირად პრობლემებს ვერ მოაგვარებენ შანტაჟით. ეს შანტაჟი არავის გაუვა. ძალიან კარგად იციან, რომ პრობლემები ეხება ადამიანების ბედს და ადამიანების ბედით სპეკულირება არ არის კარგი საქციელი. რასაკვირველია, თუ მათ კონსტრუქციული დიალოგი უნდათ, შეხვედრები ჩვეულებრივად გაგრძელდება. შეხვედრა არანაირი პრობლემა არ არის“,- აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად, არ დადიოდნენ, დანარჩენებს კი, მაუწყებელმა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება შესთავაზა. ამასთან, პირველ არხში ზოგიერთი თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების შეცვლასთან დაკავშირებით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტი დღეს პროფკავშირებსა და იმ თანამშრომლების ნაწილს შეხვდა, ვისაც ხელშეკრულების ცვლილება შესთავაზეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები