„იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა”

„მინისტრ ტარო კონოს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მიღწევას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტარო კონოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან გამოსვლაში ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა და იაპონურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„საქართველოს და იაპონიას ფუნდამენტური ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებთ. ჩვენს ქვეყნებს მნიშვნელოვანი და აქტიური წვლილი შეაქვთ მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც მან აღნიშნა, იაპონია ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარდამჭერი და პარტნიორია, როგორც რეგიონულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
„10 წლის წინ, რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, დონორთა კონფერენციაზე, იაპონიამ ერთ-ერთმა პირველმა გამოუყო საქართველოს ფინანსური დახმარება, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას მოხმარდა. დღეს, მინისტრ კონოსთან ერთად, ხელი მოვაწერეთ აღნიშნული პროექტის მეორე ფაზის დაფინანსების შეთანხმებას. იგი ითვალისწინებს ხსენებული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთს საავტომობილო გზის მშენებლობისთვის იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსების გამოყოფას”, – განაცხადა დავით ზანკალიანმა.
მან ასევე, ხაზი გაუსვა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდგენილ უაღრესად მნიშვნელოვან იაპონიის კავკასიის ინიციატივას და მის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტებს. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს როგორც ახალ მიმართულებებს, აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში უკვე არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
დავით ზალკალიანი მიესალმა იაპონიის მთავრობის სტრატეგიულ ხედვას კავკასიის რეგიონის მიმართ და აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით. მინისტრმა ასევე ისაუბრა გამოჩენილი სპორტსმენის, ლევან გორგაძის-ტოჩინოშინის ისტორიულ გამარჯვებაზე, 2018 წლის პირველ ჩემპიონატზე, რამაც მას ოძეკის სტატუსი და საქართველოსა და იაპონიაში საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მოუტანა. დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტ დატვირთვას შეიძენს.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტარო კონო საქართველოს 4-5 სექტემბერს სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი, ორმხრივი ურთიერთობების მანძილზე. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მართავს. მან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები