ექსპერტი: ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რომ ჰაერში ტყვია არ არის, მე, როგორც ქიმიკოსი, ამას უარვყოფ

“ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რომ ჰაერში ტყვია არ არის, მე, როგორც ქიმიკოსი, ამ წინადადებას უარვყოფ”, – ამის შესახებ ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნუგზარ ბუაჩიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნუგზარ ბუაჩიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მიწვეული ექსპერტია, რომელმაც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა. როგორც ბუაჩიძემ განაცხადა, ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერში არსებულ მტვერში ტყვია არის. მისი თქმით, საჭიროა 2-3-წლიანი დაკვირვების ჩატარება, რომ ზუსტი სურათი გამოიკვეთოს.
„დაჭერილ მტვერში გავზომეთ მძიმე კანცეროგენური ორი ელემენტი. გვაინტერესებდა შემდეგი: მტვერი ხვდება ორგანიზმში, შესაძლებელია, მასში არის რაღაც არასასიამოვნო კომპონენტები, რომელიც სხვადასხვა ტიპის დაავადებებს იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ მცირე დისპერსიული ნაწილაკები კიბოს იწვევსო, მაგრამ კიბოს არ შეიძლება მხოლოდ მტვერი იწვევდეს, იმ მტვერში რაღაც კომპონენტი უნდა ყოფილიყო. ჩვენ გავზომეთ ორი მნიშვნელოვანი ელემენტი: ტყვია და კადმიუმი. ტყვია გავზომეთ იმიტომ, რომ კანცეროგენური ელემენტია, კადმიუმი არის ასევე ძალიან ცუდი კანცეროგენური ელემენტი, რომელიც თუ მოხვდა ადამიანის ორგანიზმში, კალციუმს აგდებს და მის ადგილს იჭერს. გავზომეთ მტვერში ტყვია, იყო 0, 02 ზდკ -ც, 0,05-იც, 0,06 -იც. უმნიშვნელოა, მაგრამ ხომ არის?
ეს არის ელემენეტი, რომელიც ორგანიზმში რომ ხვდება, იქ რჩება. არ ვიცით, ბავშვების ორგანიზმისთვის რამდენად საშიშია 0,06 ზდკ. კადმიუმი თითქმის არ იყო, ტყვია აღმოჩნდა. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია – არ არის ჰაერში ტყვია. მე, როგორც ქიმიკოსი, ამ წინადადებას უარვყოფ. ვიბრძვით, რომ 2-3-წლიანი დიდი პროექტი შედგეს. მე შეიძლება, ზაფხულში გავზომე და 0.05 იყო მხოლოდ ტყვია, მაგრამ შეიძლება, სექტემბერში გავზომო და ზდკ-ც იყოს. არ ვიცი, მცირე კვლევა ჩავატარე. მინიმუმ 2-3-წლიანი პროექტი უნდა ჩატარდეს და გამოიკვეთება ყველაფერი“,- განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, 17 ივლისს, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.რომ ჰაერში ტყვია არ არის. მისი თქმით, როცა ტყვიით მოწამვლაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მივაგნოთ წყაროებს.
„ვაკვირდებით გოგირდის დიოქსიდს, ნახშირჟანგს, ბენზოლს, ტყვიას. ჰაერის ამ დამაბინძურებლებთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, პრობლემა არ არის. განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა იმ ძალიან მცდარ ინფორმაციას, რომელიც მუდმივად მუსირებს, რომ თითქოს ტყვიაა ჰაერში, ან საწვავში. ეს არაფრით დასტურდება. მონიტორინგის შედეგებმა 2017 წელს, დედაქალაქში, გვიჩვენა, რომ ევროპულ ნორმაზე დაახლოებით 35-ჯერ დაბალი იყო ტყვიის შემცველობა ჰაერში. ქვეყანაში აკრძალულია ტყვიაშემცველი ბენზინის იმპორტი და მოხმარება. მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰაერში ტყვია არ არის”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები