დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება დანაშაულის პრევენციაა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება დანაშაულის პრევენციაა. მისივე განმარტებით, ამ მხრივ, ყოველთვის იყო კონტროლი.
„გამოძიება არ ნიშნავს, რომ დავინახე დანაშაული და უნდა დავადასტურო მტკიცებულებებით. გამოძიება, ამ შემთხვევაში, არის დანაშაულის პრევენცია. ექვსი წლის განმავლობაში, არ მახსოვს, კონტროლი არ ყოფილიყო, მუდმივად არის, მათ შორის, ანტიკორუფციული სამსახურის. ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ.
თვეში მინიმუმ 3500 პაციენტისთვის უნდა გვემკურნალა, რათა დაგეგმილი ელიმინაცია დამდგარიყო. თუმცა 100 ათას ადამიანს, ვისაც ვთვლით, რომ მკურნალობა სჭირდება, არ მიაჩნია, რომ ავად არის. საშუალოდ თვეში სამიზნე იყო 3500 პაციენტი, მაგრამ გვყავს 1000, ამან საფრთხეები გამოიწვია რიგი მიმართულებით. ორჯერ გვქონდა ეპიზოდი ზედმეტი მედიკამენტების. ერთხელ, ორი წლის წინ, როდესაც ახალი გენერაციის მედიკამენტზე გადავედით და დაგვრჩა რაღაც რაოდენობა. ეს წამლები, დონაციის პრინციპით, გადავეცით სხვა ქვეყნებს. მეორე ახლა, აპრილში, როცა გარკვეული რაოდენობა მედიკამენტებისა შეკვეთილი იყო 3500 ადამიანზე თვეში, მაგრამ ნაკადი იყო ნაკლები, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია, რადგანაც ეს დონაციაა, ამ მედიკამენტებს ჩვენ გვჩუქნიან. პაციენტებს კი საფრთხე არ შექმნიათ, რადგან ამ 1000-მა ადამიანმა ვადიანი წამლებით იმკურნალა.
თავიდან, სანამ ამ პროექტს ვიწყებდით, ერთადერთი რისკი იყო, რომ არ მომხდარიყო მედიკამენტების არალეგალური გადინება. საბედნიეროდ, სამწლინახევრის განმავლობაში, არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკონტროლებელმა ყურადღება არ მიაქციოს“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები