დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. როგორც მან აღნიშნა, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები კი სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.
„პროცესში ასევე, ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტი გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს, პროგრამაში რეგისტრაციისთვის, აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას, ნაცვლად ერთი თვისა, დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ.
ცნობისათვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მკურნალობა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელია 98,2%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები