ირაკლი კობახიძე: ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია

„ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც იმის უმთავრესი გარანტიაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ,​ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეზე კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციის დამთხვევა სიმბოლურად მოხდა.

„დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება და ამ დღეს, ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამართლიანი კონსტიტუციის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოში სისტემური უსამართლობის მიერ ფეხის მოკიდება თითქმის შეუძლებელია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თერთმეტი წლის წინ, ირინა ენუქიძეც იმ უსამართლობას შეეწირა, რომელიც 2004 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით იყო ქვეყნაში დამკვიდრებული.

„კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი, კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს განვითარების შინაარსს. სისტემური უსამართლობა, როგორც წესი, სათავეს იღებს უსამართლო კონსტიტუციაში, ხოლო სადაც კონსტიტუცია სამართლიანია, სისტემური უსამართლობის მიერ ფეხის მოკიდება სახელმწიფოში თითქმის შეუძლებელია. დღეს შესრულდა 11 წელი ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან. ირინა ენუქიძე იყო სამართლიანობისთვის თავგანწირული ადამიანი, რომელიც სწორედ იმ უსამართლობას შეეწირა, რომელმაც 2004 წელს თავი უსამართლო კონსტიტუციის წყალობით დაიმკვიდრა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი ვალი იყო, თუნდაც ირინა ენუქიძის ხსოვნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისია საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი რედაქციის მთავარ ნიშან-თვისებებზე ესაუბრა.

„კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების იდეას. კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს დახვეწილ, ახალი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. ეს არის ახალი კონსტიტუციის ძირითადი ნიშან-თვისებები”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას თან ახლდა წინააღმდეგობები, თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

„დიდი საქმე დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესსაც, როგორც მოგეხსენებათ, თან ახლდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები. თუმცა შრომის შედეგი არის ნამდვილად თვალნათელი. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი დღისთვის დაიბეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის რამდენიმე ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მომზადდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის სპეციალური ვერსიები.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისთვის. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი პრეზენტაცია გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა.

„მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გერმანელი მეგობრების, კოლეგების წვლილი კონსტიტუციის ახალი მოდელის და ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში იყო ფასდაუდებელი. სიმბოლურია, რომ დღეს, ჩვენი ღონისძიება ემთხვევა გერმანიის ფედერალური კანცლერის, ქალბატონ ანგელა მერკელის ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს მიმართ გერმანიის ურყევი მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გამოხატულება”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები