რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში პრივატიზების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრივატიზების შესახებ საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, ხუდადოვის ქ. 173, გ. მარუაშვილის 50, რეხის ქუჩის 6-ის (ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია) მცხოვრებთათვის საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემის საკითხები განიხილეს. ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა, რიმა ბერაძემ და გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ მოსახლეობას დაკანონებისთვის აუცილებელი კრიტერიუმები და კანონით გათვალისწინებული პროცედურები გააცნეს.
რაიონში სულ 22 კომპაქტურად ჩასახლებულთა დასახლებაა. რამდენიმე მისამართზე (კაპანაძის ქ.N4; აჭარის 10, ცაიშის ქ. N36) დაკანონების პროცესი უკვე დასრულებულია და მცხოვრებლებს ფართები საკუთრებაში გადაეცათ.
„დაუკანონებელ ფართებში ცხოვრება დაკავშირებულია ბევრ სხვადასხვა პრობლემასთან. ამ დასახლებებში ვერ ხდება გაზიფიცირება. ჩვენ ვმუშაობთ დაკანონების პროცესზე. ამ დროისთვის, თბილისის მერიასთან ერთად, სამ მისამართზე, ფართები უკვე დავაკანონეთ. ამჟამად, ხუდადოვის 173, გ, მარუაშვილის 50-ის და რეხის ქუჩის (ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია) პრივატიზებაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განმარტებით, უახლოეს დღეებში, აღნიშნული სამი მისამართიდან მოწოდებული დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში გადაიგზავნება და ინდივიდუალურად დაიწყება დაკანონების პროცედურები. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა მონაწილეობდა, რომელმაც მოსახლეობას პრივატიზებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოზიცია გააცნო და განმარტა, რომ საკითხის განხილვის დროს, გადამწყვეტი მოსახლეობის ინტერესი იქნება.
შეხვედრას, მოსახლეობასთან ერთად,თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის პრივატიზების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი