მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს. ამის შესახებ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მწარმოებლები საჯარო აქტივობით, საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ადგილობრივი წარმოების წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე ცდილობდნენ. მათ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კონკრეტული ხედვა შესთავაზეს და განაცხადეს, რომ ამ ხედვების არგაზიარების შემთხვევაში, ანუ ქარხნების მუშაობის გაჩერების, პრაქტიკულად, მათი დახურვის შემთხვევაში, ისინი ყველა კანონიერი საშუალების გამოყენებით, მიმართავენ პროტესტის მძიმე ფორმებს და დაიცავენ მუშაობის საკუთარ უფლებას.
პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა პრემიერის ადმინისტრაციიდან მიიღეს შეტყობინება, რომ პრემიერმა გამოხატა დასმულ პრობლემებში გარკვევის მზადყოფნა და საკითხის დასარეგულირებლად, მიმდინარე კვირის ბოლომდე პერიოდი დაასახელა. პრემიერის ოპერატიულმა გამოხმაურებამ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების კმაყოფილება გამოიწვია. მათი გადაწყვეტილებით, 22 აგვისტოსთვის დაგეგმილი აქცია მინიმუმ ერთი კვირით გადადებულია.
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებით, ბაზარზე ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება უარესობისკენ. მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი იმპორტირებული ნედლეული – კლინკერი, საბაჟოზე განუსაზღვრელი ვადით არის გაჩერებული, ხარისხის შემოწმების მიზეზით. ნედლეულის მოწოდების შეფერხების გამო, უკვე გაჩერებულია ქარხნების უმრავლესობა. რამდენიმე დღის მარაგი აქვს 2-3 ქარხანას. მარაგის ამოწურვისთანავე, ისინიც იძულებით გააჩერებენ წარმოებას.
„შემოწმების პროცედურა იკავებს, უკეთეს შემთხვევაში, მინიმუმ 28 დღეს, რაც იწვევს იმპორტიორების სატრანსპორტო საშუალებების მოცდენას (ვაგონები, სატვირთო ავტომანქანები) და ამ მოცდენისთვის განსაზღვრული სოლიდური საჯარიმო სანქციების ქვეშ მათ მოქცევას. ეს მათთვის იმდენად მძიმე ტვირთია, რომ მათ საქმიანობას აზრი პრაქტიკულად, ეკარგება. შედეგად, ქარხნები ვრჩებით ნედლეულის გარეშე. ეს პირდაპირ იწვევს მცირე ქარხნების გაჩერებას, მოკლე დროში, მათ ჯართად ქცევის პერსპექტივას და ჯამში, 700-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დარჩენას“, – ნათქვამია ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებაში.
მათი განცხადებით, ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან იმპორტირებულ ნედლეულზე.
“რამდენადაც კლინკერის ერთადერთი ადგილობრივი მწარმოებელი – „ჰაიდელბერგცემენტი“ ამ ეტაპზე და ხილულ პერსპექტივაში, ვერ იძლევა ხარისხიანი ცემენტის (კონკურენტუნარიანი პროდუქციის) წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს და რიგ შემთხვევებში, თუ იძლევა, იმდენად მაღალ ფასად, რომ წარმოება კონკურენტუუნარო ხდება და მუშაობა აზრს კარგავს. გიგანტი „ჰაიდელბერგცემენტი“ კი საკუთარივე ნედლეულით (კლინკერი) აწარმოებს საკუთარ პროდუქციას (ცემენტს) და აკონტროლებს ბაზრის 80%-ზე მეტს. ხოლო ბაზრის დანარჩენი ნაწილი, ჩვენ, – 20 ზე მეტი ქარხანა და იქ დასაქმებული, ჯამურად, 700 ზე მეტი ადამიანის სამუშაო დამოკიდებულია სწორედ იმპორტირებული კლინკერის შემოსვლის უწყვეტ ციკლზე“, – აღნიშნავენ მწარმოებლები.
„პრობლემის შექმნის დღიდან მოყოლებული, ლამის ერთი თვეა, ცალკე ჩვენ – მწარმოებლები და ცალკე კლინკერის იმპორტიორი კომპანიები ვცდილობთ, საკითხი და მისი რეალური სიმწვავე მივიტანოთ გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებამდე და პირებამდე. თითქოს ეს მოხერხდა, მაგრამ რეალური შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. კერძოდ, ჩვენს ღია წერილს საჯაროდ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო უწყებებთან მედიატორის როლი ითავა ბიზნესომბუდსმენმა. თითქოს მიკრო შედეგი მივიღეთ. კერძოდ ის, რომ საბაჟოზე გაჩერებული და გზაში მყოფი ტვირთები, ერთჯერადი წესით, დაიშვა ბაზარზე, შემოწმების გარეშე. თუმცა მალევე ეს პროცესიც შეწყდა“, – აღნიშნავენ ცემენტის მწარმოებლები.
მათი თქმით, ბაზარს სჭირდება მკაფიო გადაწყვეტილებები და იმ წესების სასწრაფოდ შემუშავება, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ყველამ, მიუხედავად მისი სიდიდისა თუ ბაზრის პროცენტული წილის ფლობისა.
„ეს გადაწყვეტილებები ვერ მოიცდის, დროში ვერ გაიწელება და უსასრულოდ და გაურკვეველი ვადით ვერ გაგრძელდება მათ შემუშავება-მიღებაზე მუშაობის პროცესი. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება ჩვენთვის მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ უბრალოდ, არ გვეძლევა საქმიანობის განხორციელების უფლება და საშუალება… ამიტომ, მივმართავთ პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს: სასწრაფოდ გადაჭრას აღნიშნული პრობლემა, ისე, რომ არ დაზარალდეს არავის ინტერესი და პირიქით, საერთო ინტერესების საფუძველზე, მოხდეს პროცესის განგრძობა. აქვე, ვთავაზობთ მთავრობას პრობლემის გადაჭრის ჩვენს ხედვას, კერძოდ: ცემენტის ადგილობრივი წარმოების შესანარჩუნებლად და სექტორის შეუფერხებლად მუშაობისთვის, აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ღონისძიებების უზრუნველყოფა: • ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის – კლინკერის განბაჟება ინვოისიდან (ანუ, შეძენილი ფაქტობრივი ღირებულებიდან). ეს შედეგად მოიტანს საბოლოო პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის შემცირებას. • ხარისხზე შემოწმების მიზნით/მიზეზით/საბაბით, კლინკერის საბაჟოზე გაჩერების (მინიმუმ 28 დღით) პრაქტიკის მოშლა. ხარისხზე შემოწმების გამო, არ უნდა შეფერხდეს ნედლეულის იმპორტი. (მინიმუმ 28 დღით ტვირთების საბაჟოზე გაჩერება იწვევს სატრანსპორტო საშუალებების (ვაგონები/ავტომობილები) მოცდენას და იმპორტიორებისთვის შესაბამისი საჯარიმო სანქციების ქვეშ მოქცევას, რაც საბოლოოდ, აზრს უკარგავს ნედლეულის იმპორტს და შედეგად, იწვევს ადგილობრივი წარმოების სრულად გაჩერებას). გარდა ამისა, კლინკერის ხარისხზე შემოწმებას ობიექტურად, უბრალოდ, აზრი არ აქვს, რადგან არ არსებობს კლინკერის ხარისხის სტანდარტი. მხოლოდ მარკიანობაზე შემოწმება კი არაფრისმომცემია, რამდენადაც თუნდაც უმაღლესი მარკიანობის კლინკერიდან ერთნაირი წარმატებით შეიძლება იწარმოოს, როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო ცემენტი. • ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს და განხორციელდეს საკუთრივ ცემენტზე და ეს უნდა განხორციელდეს უკლებლივ ყველა მწარმოებლისა თუ იმპორტიორის მიმართ, მიუხედავად მისი სიდიდისა თუ ბაზარზე პოზიციონირებისა. რაც შეეხება იმპორტირებულ ცემენტს, რომლის მოძალებაც ხელს უშლის ცემენტის ადგილობრივი წარმოების მდგრადობას და განვითარებას, ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა მიმართოს შემდეგ გზას – იმპორტირებული პროდუქცია უნდა განბაჟდეს ადგილზე საბაზრო ღირებულების (დაახლოებით 200 ლარი ტონაზე) სამმაგი ოდენობიდან, მინიმუმ 600 ლარიდან. ეს მიდგომა შედეგად მოიტანს იმას, რომ ბაზარი პრაქტიკულად სრულად ისარგებლებს ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციით“, – აცხადებენ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები.
მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მათი ხედვები სრულ შესაბამისობაში მოდის სამთავრობო ეკონომიკური გუნდის მხრიდან დეკლარირებულ პოზიციასთან, რაც გულისხმობს ბაზრებზე თანაბარკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას,შიდა ბაზრების დაცვას და დასაქმების ხელშეწყობას.
ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა პრესკონფერენციაზე პრემიერს საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა ხვალ, 21 აგვისტოს ჩათვლით სთხოვეს.
„იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ჩვენს პრობლემას აღნიშნულ გონივრულ ვადაში ვერ გადაწყვეტს, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, მივმართავთ პროტესტის კანონით დაშვებულ უკიდურეს ფორმებს. დავიწყებთ იმით, რომ 22 აგვისტოს. სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მოედანზე შეიკრიბება ჩვენს წარმოებაში დასაქმებული 700- ზე მეტი ადამიანი, თავისი ოჯახის წევრებითურთ და ამ გზით ვეცდებით ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის პრემიერის და მთლიანად, მთავრობის ყურამდე მიტანას“,- განაცხადეს ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა.
თუმცა, როგორც აღინიშნა, მათ აქციებზე მინიმუმ ერთი კვირით უარი თქვეს, რამდენადაც პრემიერის ადმინისტრაციიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მთავრობა და პრემიერი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაერკვევიან შექმნილ ვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები