წყალწმინდაში, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის დოღი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, სულხან აბესაძემ, უწყების გურიის სამმართველოს უფროსთან, გელა ბაქანიძესთან ერთად, ფერისცვალების დღესასწაულზე ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წყალწმინდაში, აფხაზეთში დაღუპული გმირების – ნიკა იმნაძის, პაატა პაპიძის, დავით რამიშვილისა და ვაჟა თოდუას მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.
ფერისცვალების დღესასწაულზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ასევე გაიმართა მებრძოლების სახელობის დოღი და ტურნირი მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ძალოსნობაში. ძალოსნობაში გამარჯვებულ თენგიზ სიხარულიძეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილეს, უწყების მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, აფხაზეთში დაღუპული გმირების – ნიკა იმნაძის, პაატა პაპიძის, დავით რამიშვილისა და ვაჟა თოდუას სახელობის ტურნირი 1995 წლის 19 აგვისტოს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სულხან აბესაძე, უწყების გურიის სამმართველოს უფროსი გელა ბაქანიძე და უწყების წარმომადგენელი ლანჩხუთში, ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსები – ია ჩხაიძე და თამარ ფირცხალაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები