საქსტატი: წელს, მეორე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა

0

2018 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 1.9% პუნქტით შემცირდა და 12.1% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.
საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში.
2018 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში ქალების შესაბამის მაჩვენებელს 3.3 %-ით აღემატება.

„ქალაქად უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულია, წინა კვარტალთან შედარებით, დაახლოებით 3.9 პროცენტული პუნქტით. ქალაქად უმუშევრობის დონე 17%-ის ფარგლებშია. შედარებით დაბალია აღნიშნული მაჩვენებელი სოფლად. ზოგადად, საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის მეორე კვარტალში, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, შემცირებულია. მეტწილად, ეს სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული და ძირითადად, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასქმებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

კვარტალური მონაცემები ასაკობრივ ჭრილს არ გვიჩვენებს, თუმცა წლიურ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, უმუშევრობის მაჩვენებელი არის 15-24 წლის ასაკში, ხოლო რაც შეეხება 65 წლისა და ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობას, შედარებით დაბალია, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული.

მეთოდოლოგიას რაც შეეხება, უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის პერიოდის შვიდი დღის განმავლობაში და სამსახურს ეძებდა გასული 30 თვის განმავლობაში, იმავდროულად, მზად იყო, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობის დასაწყებად ”,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

როგორც საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული, 2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად, 0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით.
ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით.

ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

“2018 წლის II კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, წინა კვარტალთან შედარებით”,- აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

საქსტატის მონაცემებით, სოფლად მცხოვრებთა შორის უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია, საქალაქო დასახლებებთან შედარებით.

“2018 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი