საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავთანდილ ჭრიკიშვილს პასუხობს
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავთანდილ ჭრიკიშვილს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, გვსურს ორიოდ სიტყვით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია – გამომდინარე დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომ, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მოიაზრებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებ გუნდში მოხვედრის კანდიდატად, საშუალება მიეცა, ეასპარეზა ყველა საერთაშორისო ტურნირზე, ასევე, გაევლო მოთხოვნილი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დროებით შექმნილი მმართველობითი სამუშაო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრის დროს, ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელთათვის მიღებულ იქნა შემდეგი სახის დადგენილება – 2018 წლის 20-27 სექტემბრის მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით, ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებისა და დაკომპლექტების მიზნით, ნაკრები გუნდის მწვრთნელებს დაევალათ, ურთიერთშეთანხმებით წარმოადგინონ ნაკრები გუნდის დაკომპლექტების ხედვა, რაც მათი მხრიდან დღემდე არ არის შემოტანილი და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჭრიკიშვილმა ფედერაცია გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
„მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას”, – წერდა ჭრიკიშვილი სოციალურ ქსელში.