გიორგი ხანიშვილი გურიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებული ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაეცნო.
„გურიაში, შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან. ასეთი შეხვედრებით ვიგებთ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი სამთავრობო პროგრამა წარმატებით მოქმედებს. მნიშვნელოვნადაა შემცირებული მავნებლის პოპულაცია და გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. შეხვედრებზე დაისვა მწვავე შეკითხვებიც. გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა ჩაატარა აგროღონისძიებები სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. შესაბამისად, მათ მიიღეს ძალიან კარგი მოსავალი. სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. მოსახლეობის ამ ნაწილს წელს მოსავალი გაუფუჭდა. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, აუცილებელია, მოსახლეობამ გააცნობიეროს საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობა და სამომავლოდ, ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით განახორციელონ აგროღონისძიებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლებში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან იყო მცდელობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკითხების განხილვა პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო. ისინი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან. აღნიშნული ინფორმაციები, გადამოწმების შემდეგ, არ დასტურდება. უნდა ითქვას, რომ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის გამო, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არ შეწამლა პლანტაციები და ყანები, არ მოუარა მოსავალს და, შესაბამისად, დაზარალდა“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. ფერმერები თხილის დაბალი ხარისხის მოსავალს უჩივიან, რაც, ძირითადად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების შედეგია. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა კვლავ პრობლემაა მოსახლეობის მიერ აქტიური ჩართულობა და მათ მიერ სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.