თამარ ტალიაშვილი: “ნაცმოძრაობა” არის ურბანული ნონსენსების შემოქმედი პარტია

„ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩვენი დედაქალაქის ურბანული განვითარების გამო გულისტკივილი არ შეიძლება, სერიოზულად აღვიქვათ. “ნაციონალური მოძრაობა” არის ურბანული ნონსენსების შემოქმედი პარტია“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ურბანული საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის მიმართ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას და მას უსაფუძვლო უწოდა.

ტალიაშვილის თქმით, ცვლილების განხორციელება ლოგიკური სწორედ ამ ეტაპზეა.

„თუ აქამდე ურბანული განვითარების სამსახური „სითი ინსტიტუტთან“ ერთად, გენგეგმის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით მუშაობდა, რაზეც სამსახურმა მართლაც ტიტანური შრომა გასწია, რათა კორექტირებული ვერსია წარმოდგენილიყო საკრებულოში განსახილველად, ახლა გადავდივართ მომდევნო საფეხურზე, რაც გულისხმობს შემუშავებული გენგეგმის განხორციელებას. შესაბამისად, ცვლილებების სწორედ ამ ეტაპზე განხორციელება აბსოლუტურად ლოგიკურია“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
რაც შეეხება ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურას, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ მას მისი შეფასება არამხოლოდ CV-დან, არამედ 2016-2017 წლებში, მასთან, როგორც ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან ნაყოფიერი თანამშრომლობიდან გამომდინარე შეუძლია.
„მოგეხსენებათ, განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისის კულტურის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავების ინიციატივა დააყენა და ამ საკითხში ბატონი ალექსანდრეს მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა იმაში, რომ დღეს ამ მიმართულებით უკვე მთელი რიგი ნაბიჯებია გადადგმული. ვიტოვებ იმედს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და წარმატებას ვუსურვებ მას ამ ახალ პოზიციაზე“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები