სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო პრემიერის ინიციატივას საგანგებო განცხადებით ეხმაურება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალური ტრანსფორმირება და ფუნდამენტურად ახლებური, ინოვაციური გზით – ცენტრალიზებული შესყიდვების გამოყენებით განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. ამასთან, აღნიშნული სრულ თავსებადობაშია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. აღსანიშნავია, რომ ამ სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ, 2019 წლიდან, შესყიდული იქნება სატრანსპორტო საშუალებები, მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება, დაზღვევა და სხვ. აღნიშნული შესყიდვებიდან ყოველწლიურად მინიმუმ 100 მილიონი ლარის ეკონომიის მიღება იქნება შესაძლებელი.

საჯარო შესყიდვების განხორციელება ცენტრალიზებული გზით საშუალებას მოგვცემს: უზრუნველვყოთ სახელმწიფო სახსრების ეკონომიურად ხარჯვა და შევამციროთ საჯარო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ტრანზაქციების ხარჯები; შემოვიღოთ მრავალი კატეგორიის საქონლისა და მომსახურების ერთიანი სტანდარტი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო სახსრების უფრო ეფექტიან ხარჯვას; უზრუნველვყოთ შესასყიდი საქონლის/მომსახურების ხარისხის ოპტიმიზაცია და უკეთესი კონტროლი; განვახორციელოთ ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტურობის მნიშვნელოვნად ამაღლება; თავიდან ავიცილოთ ჩავარდნილი, არშემდგარი და შეწყვეტილი ტენდერების გამო გაჭიანურებული სახელმწიფო შესყიდვები და შევამციროთ გამარტივებული შესყიდვების შემთხვევები; მოვახდინოთ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში გაფანტული სახელმწიფო შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება და შესაბამისი სტრუქტურების, ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია, რაც პასუხობს მცირე მთავრობის დეკლარირებული კონცეფციის დებულებებს; თავის მხრივ, შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება კი საშუალებას მოგვცემს, განვახორციელოთ სახელმწიფო შესყიდვების უკეთესი კოორდინაცია და ვაწარმოოთ შესაბამისი სტატისტიკური ბაზები; შევამციროთ შესაძლო კორუფციული რისკები და უზრუნველვყოთ ამ რისკების პრევენცია; ხელი შევუწყოთ ბიზნესისათვის კიდევ უფრო სტაბილური გარემოს შექმნას და გავააქტიუროთ საჯარო შესყიდვებში როგორც ადგილობრივი მეწარმეების, ისე არარეზიდენტი იურიდიული პირების ჩართულობა; მოვახდინოთ საზოგადოების თითოეული წევრისათვის სოციალური სერვისების დროული, ეფექტიანი და ხარისხიანი მიწოდება; უზრუნველვყოთ ცენტრალიზებულ შესყიდვებში ელექტრონული პლატფორმისა და ახალი უნიკალური ელექტრონული სერვისების ფართოდ გამოყენება; კვალიფიციური მენეჯმენტით, სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს შორის ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მარტივი კომუნიკაციის ფორმა და გაღრმავდეს სანდო და პარტნიორული ურთიერთობები; საფუძვლიანი ბაზრის კვლევის საფუძველზე, შემუშავდეს კიდევ უფრო მაღალკვალიფიციური, ობიექტური და გონივრული სატენდერო პირობები, რაც მიმწოდებელთათვის უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, კონკურენტულ გარემოს და სანდოობას. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს წარმატებულად შესრულებულ კონტრაქტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები