7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი – „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება.

როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ფესტივალის პროგრამა დედაქალაქის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფესტივალი – „შემოდგომის თბილისი“ უკვე 26 წელს ითვლის. მუსიკის მოყვარულები მის დაწყებას ყოველწლიურად ელოდებიან. წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს, ბევრი საიუბილეო თარიღი – ანსამბლ „რუსთავს“ 50 წელი უსრულდება, თავად ორკესტრი 25 წლის ხდება. ასევე, წელს მოწვეული იქნება ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენს ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ეს ძალიან დიდი საჩუქარია, როგორც მუსიკის მოყვარულებისთვის, ასევე, თბილისის სტუმრებისთვის და ზოგადად, დედაქალაქისთვის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან, რომ მომავალ წელს ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და ფორმატი შეიცვალოს“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისში ათი კონცერტი გაიმართება. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარდგებიან, გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – „შემოდგომის თბილისი“ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 1993 წელს დაფუძნდა.

ფესტივალის დამაარსებელი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძეა. მისი ჩანაფიქრი იყო, გაემართა საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის განმავლობაში, „შემოდგომის თბილისი“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა.

პროგრამა:

• 7 სექტემბერი – გამოჩენილი კატალონიელი მუსიკოსი იორდი სავალ და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ (www.facebook.com/JordiSavallOfficialPage / www.sinfonietta.ge);

• 12 სექტემბერი – ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი (www.ensemblerustavi.com);

• 15 სექტემბერი – ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე (www.khatiabuniatishvili.com);

• 21 სექტემბერი – გერმანელი ჩელისტი კერსტინ ფელცი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე (www.kerstin-feltz.de);

• 26 სექტემბერი – იტალიელი მევიოლინე დომენიკო ნორდიო და ამერიკელი პიანისტი მიხაილ ლიდსკი (www.domeniconordio.com / www.lidsky.ru);

• 30 სექტემბერი – ლიტვის წმინდა ქრისტოფერის კამერული ორკესტრი (www.kristoforas.lt);

• 4 ოქტომბერი – იაპონელი მუსიკოსების კამერული კონცერტი: ტადაჰირო იანო (ფლეიტა) და ტომოკო ინოუე (ფორტეპიანო);

• 5 ოქტომბერი – თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქრთველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და იაპონური გუნდი „Kobe XXI Century “, დირიჟორი ტადაჰირო იანო. სოლისტები- ზაზა გოგუა, ტომო მაცუბარა, მინამი მაცუბარა და მარიამ ქობალიანი;

• 9 ოქტომბერი – სილეზიის კამერული გუნდი პოლონეთიდან (www.camerata.silesia.pl );

• 15 ოქტომბერი – ფესტივალის საზეიმო დახურვა – ჯ.ვერდის „რექვიემი“ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, თბილისის სახელმწიფო ოპერის გუნდი – დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, შალვა მუქერია, რამაზ ჩიკვილაძე.

კონცერტების დასაწყისი: 19:30 საათი, მისამართი: დ.აღმაშენებლის 123/125.

ფესტივალის ბილეთები გაიყიდება, როგორც ჯ. კახიძის ცენტრის სალაროში, ასევე, ვებპორტალზე www.biletebi.ge

ფესტივალის პარტნიორები: სასტუმრო CITY AVENUE; რესტორანი „თბილისური მუხამბაზი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები