ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში გენეტიკური კვლევის დაფინანსებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში გენეტიკური კვლევის დაფინანსებას იწყებს. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, გენეტიკური კვლევის ღირებულება, რომელიც 140 ლარი იყო და ამ თანხას პაციენტი იხდიდა, ამის შემდეგ სახელმწიფო დააფინანსებს.

„კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩვენ შემდეგი ეტაპის დიაგნოსტიკის დაფინანსებას დავიწყებთ მოსახლეობისთვის, ეს არის გენეტიკური კვლევა, რომელიც 140 ლარი ჯდებოდა. მოსახლეობა ამ 140 ლარს აღარ დახარჯავს, არამედ ამას დახარჯავს სახელწიფო. მინდა ვუთხრა ყველას, გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდება და არ აღმოჩნდეს ისე, რომ ისინი ამ დაავადებასთან ერთი ერთზე არ დარჩნენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, შემოდგომაზე სახელმწიფო პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე, ხელმისაწვდომობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შეეხება, ამ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, შემდეგი პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მოიცავს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 13 აგვისტოს ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო სექტემბრიდან პენსიონერებისთვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირებას მოახდენს და ისინი კიდევ უფრო გაიაფდება. გარდა ამისა, დიაბეტის სამკურნალო „მედფორმინის“, გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდის“ შეძენა უკვე ნახევარ ფასად არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები