დავით სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, დააზუსტონ „ვალსარტანის“ შემცველი რომელი მედიკამენტი აიკრძალა და წამალი ექიმის კონსულტაციით შეცვალონ
„კვლევებით დადგინდა, რომ მედიკამენტი „ვალსარტანი“ პოტენციურად ონკოლოგიური დაავადებებს იწვევს, ამისთვის ადამიანმა 7 წლის განმავლობაში ორმაგი თერაპიული დოზა უნდა მიიღოს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
ამასთან, მინისტრი იმ მოქალაქეებს, რომლებიც „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს იღებენ, მოუწოდებს, მკურნალობა არ შეწყვიტონ, თუმცა აუცილებლად ნახონ სია, კონკრეტულად რომელი კომპანიის წარმოებულ რომელ მედიკამენტებს ეხება აკრძალვა. იმ შემთხვევაში, თუ სიაში ჩამოთვლილ მედიკამენტს იღებენ, წამალი ექიმის კონსულტაციით შეცვალონ. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც ბაზრიდან კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული Valsartan-ის შემცველი 42 დასახელების, წნევის დამწევი მედიკამენტის რეალიზაციის შეწყვეტა მოითხოვა.
დავით სერგეენკოს განმარტებით, თავად ნივთიერება „ვალსარტანი“ დადასტურებულად უსაფრთხო და ძალიან ეფექტიანია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
„საკუთრივ „ვალსარტანზე“კითხვა არასდროს არავის გასჩენია. მეორე საკითხია, რომ შესაბამისი სამსახურები ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად ატარებენ ამა თუ იმ მედიკამენტის მონიტორინგს, ლაბორატორიულ ანალიზს, რადგან უსაფრთხო და კარგი ნივთიერება სხვადასხვა მწარმოებლის ხელში შეიძლება, ისე კარგად წარმოებული არ იყოს და რისკები შექმნას. დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ ნივთიერება „ვალსარტანზე“ გაუჩნდათ კითხვები. 2012 წლიდან დღემდე ჩაატარეს კვლევა და ამ მინარევების „ვალსარტანმა“ რომ პოტენციურად ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს, ამისთვის ადამიანმა 7 წლის განმავლობაში ორმაგი თერაპიული დოზა უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, 5 ათასი პირიდან ერთს დაემართოს ონკოლოგიური დაავადება“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, რეგულაციები იმდენად მკაცრია, რომ ყველა მწარმოებელს, რომელიც იყენებდა ნედლეულს, იმ ერთი კომპანიის მიერ დამზადებული „ვალსარტანიდან“, მიეცა რეკომენდაცია, სრულად ამოიღოს გამოყენებიდან, რადგან ადამიანები მაქსიმალურად დაცულნი იყვნენ. დავით სერგეენკო ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურიდან რეკომენდაცია 2 აგვისტოს იქნა მიღებული და დაუყოვნებლივ გავრცელდა.
„მოსახლეობას, ვინც იღებს „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტონ. რახან სვამენ, ესე იგი, სჭირდებათ. უბრალოდ, ნახონ ჩამონათვალი, „ვალსარტანის“ შემცველ რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა, არა ამ სიაში მყოფი იგივე დოზირების, იგივე „ვალსარტანის“ მედიკამენტებით, რომელიც ბაზარზე საკმაოდ არის. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე იმ „ვალსარტანის“ შემცველ პრეპარატებს, რომლის მიმართაც კითხვა გაჩნდა, მესამედზე ნაკლები უჭირავს“, – განაცხადა მინისტრმა.
სერგეენკოს განმარტებით, კითხვის გაჩენა არ ნიშნავს, რომ ნივთიერება აუცილებლად ონკოლოგიურ დაავადებას აჩენს.
„ვინც იღებს „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს, არავითარ შემთხვევაში მკურნალობა არ შეწყვიტონ, უბრალოდ, ნახონ სია, რომელიც გამოქვეყნებულია და შეცვალონ მედიკამენტი, ოღონდ აუცილებლად ექიმთან კონსულტაციით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საუბარია 42 დასახელების წნევის დამწევი მოქმედების მედიკამენტზე.