სენაკში რძის კოოპერაციული საწარმო მოქმედებს

0

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „შურობუმოს“ საქმიანობას გაეცნო.

რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების” მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივი „შურობუმო“ სენაკის მუნიციპალიტეტში საქმიანობს და 16 ფერმერს აერთიანებს. პროგრამაში ჩართულობით, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად გაზრდილი შემოსავალი მიიღონ.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „შურობუმოს“ გადაეცა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „შურობუმო“ ასევე, ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამაში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია მიმდინარე წელს საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმოს აშენება.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.

კომენტარები

კომენტარი