თემაზე – “10 წელი აგვისტოს ომიდან – ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება” დისკუსია​ გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში დისკუსია თემაზე – “10 წელი აგვისტოს ომიდან – ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება” გაიმართა.

ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარემოზე მიყენებულ ზიანსა და ტრაგედიიდან დღემდე განვითარებული მოვლენებზე იმსჯელეს.

ღონისძიების მიზანი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შეფასება იყო.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებაზე გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ფოტოები ბორჯომისა და ატენის ხეობაში, სოფელ სკრასა და ფოთის პორტში 2008 წლის აგვისტოს თვეშია გადაღებული. ფოტოჟურნალისტ თემო სუხიტაშვილის ექსკლუზიური სურათები ოკუპაციის მუზეუმში მომავალი კვირის განმავლობაში გამოიფინება.

2008 წლის 7, 15, 17 და 24 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოს ბიომრავალფეროვნებას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა.

“რუსი ოკუპანტების მიერ გაჩენილი ხანძარი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტყის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძრად შეიძლება ჩაითვალოს. ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად 1100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. გაჩანაგდა 290 000 მ3 ხე-ტყე. გარდა ტყის ხანძრებისა, ფოთში ქართული კატარღების აფეთქების შემდეგ ზღვაში 50 ტონამდე ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა, გორის რაიონის სოფელ სკრაში რუსულ ნაღმებზე რკინიგზის შემადგენლობა აფეთქდა, საიდანაც ნიადაგში 720 ტონა ნედლი ნავთობი დაიღვარა. სხვადასხვა დარგის მეცნიერებისა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებით საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ბუნებას მილიარდ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ბუნებაში დატოვებული რუსული კვალის აღმოფხვრას და ომამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას ათეულობით წელი დასჭირდება”,-ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები