ხულოსა და შუახევში ვეტერანებს “აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა” გააცნეს

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი შოთა ყიფიანი, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის მაიორი, ფრიდონ მახარაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლები ხულოსა და შუახევში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ, ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული “აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის” შესახებ. ყურადღება გაამახვილეს ვეტერანების ჩართულობის მნიშვნელობაზე ამ პროექტში.

როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შუახევისა და ხულოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა საინფორმაციო დაფები გადასცა.

“შეგახსენებთ, საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% -ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება, წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე – ბათუმი, ადლიის ქუჩა N76, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში; თელავი – თამარ მეფის ქუჩა N36, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში; სპეციალისტთა რეზერვისათვის, თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: 1. პირადობის მოწმობა; 2. ფოტოსურათი 3X4 – 1 ცალი; 3. ჯანმრთელობის ცნობა; 4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 032) 2 75 26 44; მობ: 595 06 03 44; (+995 032) 291 04 21″,- ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები