თამარ კაიკაციშვილი “ლეოგრანდზე”: ვერ დავუშვებთ, ტურისტები ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია

„ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი„ლეოგრანდი“) საქმიანობის შეჩერების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
თამარ კაიკაციშვილის განცხადებით, ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო უნდა უზრუნველყოს, რათა ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ -ასეთია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პოზიცია.
„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პოზიცია არის, რომ ტურისტები უნდა იყვნენ უსაფრთხოდ. ნებისმიერ სასტუმროში მათთვის უნდა იყოს შექმნილი უსაფრთხო გარემო, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები უნდა იყოს მოგვარებული. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია. ამიტომაც ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო და კონკრეტულმა სასტუმრომაც უნდა უზრუნველყოს ეს საკითხი“, – განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, ტურისტების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა სასტუმროს კომპეტენციაა. მისივე თქმით, სასტუმროს ინფორმირება ერთი თვის წინ მოხდა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული 43 რეკომენდაციიდან უმეტესობა ჯერ კიდევ გამოსასწორებელია“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები