საპარლამენტო არჩევნებზე ცესკომ თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობასთან ერთად, 1 მილიონ 772 ათასზე მეტი ლარის დანამატები გასცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის საარჩევნო პერიოდში, თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობასთან ერთად, 1 მილიონ 772 ათასზე მეტი ლარის დანამატები გასცა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, თანამდებობრივი სარგოები ორმაგი ოდენობითაა გაცემული. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პერიოდი განისაზღვრა 22 აგვისტოდან 24 ნოემბრის ჩათვლით.
კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო პერიოდში, ყველა შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე, ასევე გაცემულია დანამატები, სარგოს ტოლი ოდენობით, სულ – 1,772,843 ლარი.
„საარჩევნო პერიოდში, ცესკო-ს თანამშრომლებზე გაცემული აქვს როგორც სარგოს ორმაგი ოდენობა, ასევე, იმავე ოდენობის დანამატი. იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსი არ აკონკრეტებს დეტალურ მოტივს, თუ რისთვის არის საარჩევნო პერიოდში განსაზღვრული ხელფასის ორმაგი ოდენობით გაცემა, გაურკვეველი რჩება, დანამატი კიდევ რაიმე სხვა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გაიცა, რაც ორგანული კანონით არ იყო განსაზღვრული, თუ იმავე სამუშაოს კომპენსირებაა, რაც ორმაგი სარგოთი ისედაც ანაზღაურდა“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო პერიოდში, ცესკო-ს თანამშრომლებზე დანამატები გაცემულია მოტივით – „ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით“, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათების და ცესკო-ს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა, ცესკო-ს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე, ცესკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები