თემურ მურღულია: პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება
„ჩვენ სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით, შევძელით, რომ პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება.
„გრიფის მინიჭების მოთხოვნით, უწყებაში 112 განაცხადი შევიდა, საიდანაც გრიფირება წარმატებით ამ ეტაპზე, 64-მა გაიარა. პროცესი გრძელდება და კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მივიღებთ. შერჩევის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდა – რეცენზირება და გრიფირების კომისიის შეფასება. წინა სახელმძღვანელოებთან შედარებით, ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, წელს სულ 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო დაიბეჭდება.