სოფო კილაძე და რატი იონათამიშვილი ამერიკელ ექსპერტს, დანიელ მონტს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მოადგილესთან, რატი იონათამიშვილთან ერთად, ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს, დანიელ მონტს შეხვდა. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით, საქართველოს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. უკვე შემუშავებულია პროექტის ვერსია, რომელსაც ფინანსური ანალიზი სჭირდება. დანიელ მონტი ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაციის – „ცენტრი ინკლუზიური პოლიტიკისთვის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი და საერთაშორისო ექსპერტია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდეს. ამის ვალდებულება აღებული გვაქვს მას შემდეგ, რაც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოვახდინეთ, რათა ჰარმონიზაციაში მოვიდეს ეროვნული საკანონმდებლო ბაზა კონვენციით მოცემულ პრინციპებთან და ღირებულებებთან. ჩვენი კომიტეტი ახორციელებს საპარლამენტო ზედამხედველობას, რომ ერთი მხრივ, პროცესისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა მოხდეს და მეორე მხრივ კი კონკრეტულ ვადებში დასრულდეს ეს პროცესი. ამ მანდატს ჩვენ მომავალშიც გამოვიყენებთ, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ აღნიშნული კანონმდებლობა, რაც არის ჩვენი საარჩევნო დანაპირები”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სოფო კილაძის თქმით, ფინანსური ანალიზის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც პროექტი პარლამენტში შევა, უკვე ცნობილი იქნება თუ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ამ პროექტის განხორციელება.
„ამერიკელი ექსპერტი აკეთებს ფინანსურ ანალიზს და მუშაობს იმაზე, თუ კონკრეტულად რა თანხები იქნება საჭირო სახელმწიფოსთვის, შშმ პირების საკანონმდებლო ინიციატივის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც პროექტი პარლამენტში შემოვა, ჩვენ გვქონდეს წინასწარი ანალიზი იმისა, თუ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული სახელმწიფოსთვის ამ პროექტის განხორციელება. ეს არის უდიდესი საქმე, ჩვენს ქვეყანაში შშმ პირების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რადგან მთლიანად შეიცვლება საკანონმდებლო ბაზა, რასაც შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება მოჰყვება და რასაც ბუნებრივია, სჭირდება ფინანსური რესურსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ანალიზი წინასწარ გვქონდეს”, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები