“თიბისი” სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

“თიბისი” სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის, თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს, ხელოვანის მხარდასაჭერად, სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის, გალერეა „ვანდაში” გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც თედო რეხვიაშვილის რამდენიმე ნამუშევართან ერთად, მსურველებს ისეთი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეუძლიათ, როგორებიც არიან: გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, გია ბუღაძე, ვახო ბუღაძე, რიტა ხაჩატურიანი, თუთუ კილაძე, ლალი ზამბახიძე, ნინო ჩაკვეტაძე, ვანო აბულაძე, ნინო ფერაძე, ვახო მუსხელი და სხვები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ახალგაზრდა მხატვრის სასწავლებლად წასვლას მოხმარდება.
თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა და განსაკუთრებით ნიჭიერთა ათეულში მოხვდა, რის საფუძველზეც, მაქსიმალური – 15 000 დოლარის გრანტი მოიპოვა, თუმცა აღნიშნული თანხა აკადემიაში სწავლისთვის საკმარისი არ არის.
თედო რეხვიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში გრაფიკის მიმართულებით სწავლობდა, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში, ასევე გრაფიკის მიმართულებით, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2015 წლიდან საკუთარი სტუდია აქვს, სადაც ბავშვებსა და აბიტურიენტებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკასა და კომპოზიციას ასწავლის. პარალელურად, 27 წლის მხატვარი სხვადასხვა პროექტებსაც ახორციელებს, მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვას.
2015 წელს თედო რეხვიაშვილს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისთვის პრემია „ჟირაფი” გადაეცა. ის რამდენიმე ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია.
თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერი გამოფენა-გაყიდვა გალერეა „ვანდაში” 21 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოფენის პარალელურად, გასაყიდად წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს ონლაინ კატალოგშიც შეუძლიათ, ვებგვერდზე – https://bit.ly/2MkbgYp

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები