კახა კალაძე: ჟიული შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

0

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შარტავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა, რომ საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე ველობილიკი გაკეთდება, რომელიც კოსტავას ქუჩას დაუკავშირდება და შეუერთდება.
„მინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მერიამ საბურთალოს რაიონში ჟიული შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სარეაბილიტაციო არეალში (1 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი) არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარები, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელებიც.
საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე გაკეთდება ველობილიკი, რომელიც დაუკავშირდება და შეუერთდება კოსტავას ქუჩას, ასევე, პეკინს და შეიძლება ითქვას, რომ ერთი დიდი წრე შეიკვრება და მგონია, რომ ეს ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია. ამ პროექტში იხარჯება, დაახლოებით, 3 მილიონ 200 ათასი ლარი“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები.

კომენტარები

კომენტარი