მიუსაფარი ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, საინფორმაციო კამპანია დასრულდა

0

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული, მიუსაფარი ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით ჩატარებული საინფორმაციო კამპანია დასრულდა. საგრანტო პროექტი – „საინფორმაციო კამპანია ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის გასაძლიერებლად“ – არასამთავრობო ორგანიზაციამ ა(ა)იპ „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ 6 თვის განმავლობაში განახორციელა. შემაჯამებელი ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქსა და სოფელში, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადი ყურადღება მიუსაფარი ბავშვების უფლებებზე და ამ კატეგორიის ბავშვების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე გამახვილდა. ასევე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ჩატარდა ესეების კონკურსი, რომელშიც 60-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. დამზადდა ანიმაციური ვიდეორგოლი და რამდენიმეენოვანი საინფორმაციო ბროშურა, რომლებიც მიუსაფარი ბავშვების უფლებებსა და სახელმწიფო სერვისებს შეეხება.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა, თათია ხოჭოლავამ და ა(ა)იპ „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ივანიაძემ ესეების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს. ღონისძიებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წამყვანი უწყება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფას, ასევე, მათ მიმართ ძალადობის პრევენციას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე იუსტიციის სამინისტრო უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, რაც თვის მხრივ, სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოს ამ ბავშვების ჩართვა განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სახის სახელმწიფო პროგრამებში.
უწყების ცნობით, გარდა საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებისა, იუსტიციის სამინისტრო მიუსაფარი ბავშვებისთვის სოციალური პრობლემების მოგვარებასა და რესოციალიზაციაზეც მუშაობს. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდებთან მუშაობისათვის შესაბამისი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს, თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა.
2014-2018 წლებში, მედიაციის სახლის სერვისით 1400-მდე არასრულწლოვანმა ისარგებლა. მათგან, 257 ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვმა, მათ შორის, 140 – გოგონაა. სერვისები მოიცავს როგორც შემეცნებით-საინფორმაციო ტრენინგებს, ისე სახელოვნებო სასწავლო ჯგუფებს ფოტოგრაფიასა და მუსიკაში. გარდა ამისა, ბენეფიციარებისთვის კომპანია შპს „ანტრე 2008“ კვირაში ორჯერ გასცემს საკვებ პროდუქტს. 2017 წლის მარტიდან „ანტრეს“ სერვისით 88 ბენეფიციარი სარგებლობს.
შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ კი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ჩაერთო არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის საქმეში. 15 ბენეფიციარი უფასოდ გადის კალათბურთის სასწავლო კურსს. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ 2016-2017 წლებში, საგრანტო კონკურსების ფარგლებში, ჯამში, 79000 ლარის ოდენობის გრანტი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიუსაფარი ბავშვების საკითხთან დაკავშირებით გასცა. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი დახმარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულმა საგრანტო პროექტებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა. ანგარიშში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითებს შორისაა დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი