პატრულ-ინსპექტორებმა ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა შვილებმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ერთი კვირის განმავლობაში, ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ დაისვენეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ბირთველიშვილი, საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ გადელია და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია ბანაკს ესტუმრნენ და იქ მყოფ მოზარდებს შეხვდნენ. მოზარდებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს. ბავშვებმა პატრულ-ინსპექტორებისგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია, სასარგებლო რჩევა და რეკომენდაცია მიიღეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტში სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად მონაწილეობს და ბანაკში დამსვენებელ მოზარდთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივით, პატრულ-ინსპექტორები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილებს ბანაკის წლევანდელი სეზონის ყველა ნაკადის დამსვენებლებს ჩაუტარებენ.

პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში უკვე მეექვსე წელია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი