ომალოში ტურისტებისთვის გზა თავისუფალია -“კუთვნილი ავტომანქანების დატოვება არ სურდათ”

0

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე- 15 კილომეტრთან ჩამოშლილი მიწის მასის გამო, გაჩერებული ავტომანქანებისთვის გზა თავისუფალია.
“კვირას” ინფორმაციით, ადგილზე უცხოელ ტურისტებთან ერთად, ქართველებიც იმყოფებოდნენ. ისინი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს დახმარებაზე უარს უცხადებდნენ და გზის გასაწმენდად, მძიმე ტექნიკას ითხოვდნენ. ​
გზაზე გაჩერებული 5 მანქანის მგზავრებმა წუხანდელი ღამე მანქანაში გაათენეს.
„ჩვენ დახმარება შევთავაზეთ, მაგრამ უარი განგვიცხადეს. დავპირდით, რომ სასტუმროებში გადავანაწილებდით, ამის შესახებ თელავის მერიაც ინფორმირებული იყო და ყველა რგოლი თანახმა იყო, ტურისტებისთვის დახმარება გაგვეწია, თუმცა მათ გზის გასაწმენდად, დამატებით, ტრაქტორები მოითხოვეს, რადგან კუთვნილი ავტომანქანების დატოვება არ სურდათ“, – განუცხადა „კვირას“ კახეთის საგანგებო სიტუაციათა მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი ჩარკვიანმა.
აღსანიშნავია, რომ ომალოში ჩარჩენილმა ტურისტებმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს, თუმცა მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში წარმართულიყო. სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა მთელი ღამე მუშაობდა.
როგორც „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, დღეს, დილით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე განმეორებით ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა და გზის 80-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. მცირე ჩამონაშალი იყო ასევე აღნიშნული გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე, სადაც თუშეთისკენ მიმავალ ტურისტებს გზა ჩაეხერგათ. შესაბამისი ტექნიკით გზის წმენდა ორივე მხრიდან მიმდინარეობს, რათა ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა უმოკლეს ვადებში მოხერხდეს.
შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც, აღნიშნულ გზაზე, გუშინ საღამოდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.
“ამ დროისათვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ 43-კმ 72 მონაკვეთი სრულად გაწმენდილია. 28-ე კმ-ზე კი გზის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად იმუშავეს, რათა ტურისტებს დღეს გზაზე გადაადგილება შეძლებოდათ.
„კვირას“ ინფორმაციით, ამ დროისათვის, გზა გაწმენდილია და ავტომანქანები დანიშნულების ადგილისკენ მიემართებიან.

კომენტარები

კომენტარი